13.მაისი .2020 13:55

სოციალური დისტანცირება თუ გსურთ, მაშინ ვოლვო XC90 იდეალური მანქანაა „ქალაქიდან გასასვლელად“

views 351
უკან

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში კორონა ვირუსი გამოჩნდა, სურვილმა „ქალაქიდან გაქცევა” სრულიად განსხვავებული, ახლებური კონტექსტი შეიძინა. თუ ცოტა ხნის წინ, სოციალური დისტანცირება და რამდენიმე დღის ქალაქგარეთ, აგარაკზე გატარება უბრალოდ განტვირთვის საშუალებად განიხილებოდა, დღეს ეს უკვე მკაცრი რეკომენდაციაა, რომლის დაცვა აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. როცა განმარტოება ძალდატანებით ხდება, ეს შესაძლოა დიდი ვერაფერი სიამოვნება იყოს, მაგრამ სახლში დარჩენა ან ხალხმრავალი ადგილებიდან გარიდება უკვე სოციალურად საპასუხისმგებლო ნაბიჯად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ „მიუვალ ციხე-კოშკში“ ნებისმიერი მანქანა წაგიყვანთ, 2020 წლის ვოლვო XC90 T8 E-AWD მაინც თავისებურად უნიკალური, თანამედროვე ავტომობილია, რომელიც ეფექტურად დაგეხმარებათ ქალაქიდან „გაქცევაში“ - ამის შესახებ ისაუბრა „Forbes”-ის ჟურნალისტმა ბრაიენ კემპბელმა.

2014 წელს კომპანია „ვოლვომ“ დაუჯერებელი გარღვევა მოახდინა, როდესაც წარმოებაში სრულიად ახალი მოდელი - XC90 ჩაუშვა. ეს შვედური ბრენდი თითქოს თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა, როდესაც მან უარი თქვა ჯერ კიდევ ახალ, თუმცა გარეგნულად ოდნავ ძველმოდურ სტილზე და ახლებური დიზაინი მოირგო. დახვეწილი კონტურების, ელეგანტური შტრიხების და კლასიკური შვედური ფორმების ნაზავის შედეგად შეიქმნა უნიკალური, ფუნქციონალური იმიჯი, რომელიც პირველად ვოლვო XC90-ზე გამოჩნდა, ხოლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეს ნოვატორული დიზაინი კიდევ შვიდ ახალ მოდელზე ვიხილეთ, მათ შორის ქვებრენდ Polestar-ზე. სულ მცირე დროში „ვოლვო“ ევროპული ლუქსის კლასის ავტომობილების რიგს შეუერთდა და კვლავ დაიბრუნა მისთვის ჩვეული პრესტიჟი და აქტუალურობა. მიუხედავად ექვსწლიანი ასაკისა, მცირე ცვლილებების და განახლებული კომპლექტაციის წყალობით, რომლებიც T8 E-AWD Inscription მოდელზე ვიხილეთ, ვოლვო XC90 კვლავ ინარჩუნებს იშვიათ ელეგანტურობას და ეფექტურ დიზაინს.

როდესაც მსოფლიო ავტობაზარზე სამოდელო რიგში პირველად შეაღწიეს ჰიბრიდებმა და ელექტრომობილებმა, მათი გამოჩენა ავტომოყვარულთათვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან მათი აზრით, ახალ მოდელებს მხოლოდ რამდენიმე ნოვატორული, ორიგინალური აქსესუარი გამოარჩევდა, ხოლო მათ ფუნქციას ერთადერთი დანიშნულება გააჩნდა: შეემცირებინა საწვავის ხარჯი. ტესლამ სრულიად შეცვალა ასეთი მიდგომა და პრაქტიკულად დახმარების გარეშე, საკუთარი ხელით გადაიყვანა ელექტრომობილები და ჰიბრიდები პრესტიჟულ, მდიდრულ სივრცეში. აქ აღსანიშნავია არა მარტო ვოლვოს XC90 T8 E-AWD მოდელის მოდერნიზება ტრანსმისიული (ძალური გადაცემის სისტემა) ტექნოლოგიით, არამედ T8 მოდელის ტურბოჩაბერვიან ბენზინის ძრავას ასევე დაემატა 87 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავა. შედეგად კომბინირებული სიმძლავრე 400 ცხენის ძალასდა 640 ნიუტონ მეტრს შეადგენს.

გადაიყვანეთ ავტომატური გადაცემის რეჟიმის სელექტორი რეჟიმში „Pure” („სუფთა“) და XC90 გადაერთვება უემისიო, სრულად ელექტრო რეჟიმზე. როდესაც ქალაქში გადაადგილდებით, აღნიშნული ფუნქცია ყველაზე გონივრული არჩევანია, თუმცა დამუხტვის გარეშე თქვენ დაახლოებით 43 კმ-ს გაივლით. კროსოვერის (SUV-ის) დამუხტვა სახლში ან დასამუხტ სადგურზე საუკეთესო არჩევანია თქვენი ავტომობილის დასატენად, მაგრამ ბერკშაირში - მასაჩუსეტის შტატში, სადაც „უიკენდზე“ დასასვენებლად გავემართე, თითო-ოროლა დასამუხტი სადგური თუ შემხვდა. დღეს ეს პრობლემა ასე მწვავად აღარ დგას, რადგან ელექტრომობილების და ელექტრო-ჰიბრიდული მანქანების მომსახურების ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ფართოვდება, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მსგავსი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული. ცხადია, როდესაც შენს ავტომობილს შიდაწვის ძრავი აქვს, დამუხტვის გარეშე გარბენი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება, როცა იცი, რომ შეგიძლია ჩართო სისტემა და ორლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავა იწყებს აკუმულატორის დამუხტვას, შენ კი ჩვეულებრივად აგრძელებ ავტომობილით მოძრაობას. სამუხრუჭე სისტემა, აკუმულატორის ენერგიის აღდგენის კიდევ ერთ საშუალებას გვთავაზობს, თან ცოტა გავხალისდი კიდეც, როცა ვაკვირდებოდი, თუ რამხელა ძაბვის აკრეფა შემეძლო უსასრულო დაღმართებზე უკანა მუხრუჭის მსუბუქი გამოყენებით.

მოკლედ, გამოვიდა ისე, რომ თითქმის მთელი გზა ჰიბრიდული რეჟიმით გავიარე, რომლის დროსაც შიდაწვის ძრავა მუშაობს ან სიჩქარის მნიშვნელოვანი მომატებისას, მაგალითად, როდესაც სიჩქარე 60 კმ/სთ-ზე მეტია, ან როდესაც აკუმულატორი სრულად „დამჯდარია“. სრულად დამუხტული აკუმულატორის ენერგიიდან ორლიტრიანი ძრავის რეჟიმზე გადასვლა ძალიან რბილად ხდებოდა.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ელექტრომობილებს, მათი ტრანსმისიის სისტემის მუშაობის შესახებ, ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი. „ვოლვო“ ცდილობს სხვებისგან გამორჩეული იყოს მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს და სასიამოვნო ემოციების შექმნის თვალსაზრისით. სალონის მდიდრულ და ელეგანტურ ინტერიერში გამოირჩევა ბუნებრივი ხის ელემენტები, ინდივიდუალური შალისა და ტყავის გადასაკრავი, სკანდინავიური დიზაინი, ერგონომიკა და კომფორტი. ტყავი „ვოლვოს“ სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის, მაგრამ შალი არა მარტო უფრო სასიამოვნო შესახებია, შალნარევი ქსოვილით გაწყობილი ინტერიერი ტყავთან შედარებით უბრალოდ უკეთეს განწყობას ქმნის. ვოლვო XC90-ის ინტერიერის ფუფუნება საერთოდ არ იწვევს შეკითხვებს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც სხვა მწარმოებლები, ძირითადად გერმანელები, ცდილობენ შთაბეჭდილება მხოლოდ ფუფუნების ელემენტებით ან გარეგნული ხიბლით მოახდინონ, შვედებმა მოახერხეს სასიამოვნო ოქროს შუალედის მონახვა, რომელიც აუცილებელი თანამედროვე კომფორტის და ტრადიციული დიზაინის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს.

ამასთანავე, „ვოლვოს“არ უთქვამს უარი თავის ტრადიციულ პროფესიონალიზმზე - შექმნას ავტომობილები ორიგინალური ფორმებით და დიზაინური უცნაურობებით. რა დასამალია, რომ პირველი, ყველაზე გამაღიზიანებელი ამოცანა ჩემთვის იყო „Apple Carplay“-ს აპლიკაციის მოძებნა და დაყენება. ჩვენს დროში, ისეთი აპლიკაციები, როგორიც არის „Apple Carplay“ და „Android Auto“ მძღოლის მხარდასაჭერი საინფორმაციო სისტემის ეკრანზე ყველაზე გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს. აპლიკაციების დამალვა, თუნდაც მენიუს ერთი საფეხურის მიღმა - სრული უაზრობაა. ეს იმ ისტორიას მაგონებს, როდესაც მწარმოებლებმა ჩათვალეს, რომ საჭიროა CD-ჩეინჯერის საბარგულში გადატანა. ასეთი ხშირად გამოყენებადი აპლიკაცია იოლად გასაგები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში.

ავტომატური გადაცემის რეჟიმის სელექტორს და გადაცემის გადართვის ბერკეტსაც (რომელიც Inscription-ში შვედური ბროლისგან არის დამზადებული) გარკვეული დრო სჭირდება მისაჩვევად. ჰიბრიდულ, „Pure“ და სპორტულ რეჟიმებს შორის გადართვისთვის უნდა დაატრიალოთ და ხელი დააჭიროთ პატარა ზომის მეტალის პრიალა ცილინდრს, რომელიც ზუსტად გადაცემის გადართვის ბერკეტის უკან არის მოთავსებული. სკროლინგის ფუნქცია და უკუკავშირი ვერასოდეს მარწმუნებდა, რომ ნამდვილად გადავრთე სასურველ რეჟიმში. შესაბამისად, მიხდებოდა გზიდან მზერის მოცილება დასარწმუნებლად, რომ რეჟიმი შეიცვალა. გადაცემის გადართვის ბერკეტის შემოწმებაც საკმაოდ ხშირად მიხდებოდა, რადგან სანამ წინსვლის ან უკუსვლის რეჟიმში გადართავ, ბერკეტი ჯერ ნეიტრალურ გადაცემაში უნდა გადაიყვანო. დიდად არ გავოცდები, თუ შემდეგი, გაუმჯობესებული XC90 მოდელისთვის „ვოლვო“ ტრანსმისიის ან ავტომატური გადაცემის რეჟიმის სელექტორის ღილაკს დაამატებს. გასაგებია, რომ „ვოლვოს“ თავის საკუთარ, უნიკალურ სტილში უყვარს საქმის კეთება, მაგრამ ველოსიპედის ხელახალი გამოგონება ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო.

ყველა ამ მცირე ხარვეზების მიუხედავად, XC90 (€ 41,500-დან შიდა წვის ძრავით) მაინც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია სრულგაბარიტიან კროსოვერებს (SUV) შორის. ამ გაბარიტების მქონე კროსოვერისთვის (SUV) „ვოლვომ“ შექმნა ავტომობილი, რომლის მართვისაც საერთოდ არ იგრძნობა მისი მასიურობა. იგი არ იხრება მოსახვევებში შესვლისას, როგორც რიგითი კროსოვერი, მას საკმარისი სიმძლავრე გააჩნია წონის გადასატანად. კონკურენტებთან შედარებით XC90 განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. ასე რომ წინასწარ გიხაროდეთ, თუ ქალაქიდან „გაქცევა“ თქვენთვის XC90-ში გატარებულ რამდენიმე ასეულ კილომეტრს ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა