მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური ინოვაციების პლატფორმამ წლის ახალგაზრდა მეწარმე დააჯილდოვა

5fbe21a8e5faf
BM.GE
25.11.20 13:12
926
19 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს, „სოციალური მეწარმეობის ფორუმი“ გაიმართა. ფორუმი ორგანიზებული იყო სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, კონცეფციის პოპულარიზაციასა და ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

ფორუმის ფარგლებში, სოციალური ინოვაციების პლატფორმამ წლის ახალგაზრდა მეწარმე გამოავლინა და სპეციალური სიგელითა და ფულადი ჯილდოთი დააჯილდოვა. წლის ახალგაზრდა მეწარმე, სალომე წიქვაძე სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისათვის დაჯილდოვდა.

სალომე წიქვაძე არის სამაგიდე თამაში „ჩუ“-ს შემქმნელი. თამაშის მიზანია ჟესტური ენის პოპულარიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ბარიერის გადალახვას. ამ თამაშის საშულებით მარტივად შეიძლება ჟესტური ენის საწყისების შესწავლა, საბაზისო სიტყვების გაცნობა და დამახსოვრება.


სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროექტის მენეჯერის, გიორგი ჭანტურიას თქმით, „ჩვენი აზრით, სალომე სხვა რაღაცეებთან ერთად, იმით არის საინტერესო რომ მუდმივად ეძებს პრობლემების მოგვარების ახალ გზებს. ამ პროცესში ის მუდმივად ატარებს ექსპერიმენტებს და ტესტავს თავის იდეებს. სწორედ ამ ძიებისა და მცდელობების გამო გამოვარჩიეთ იგი.“

რაც შეეხება თავად სალომეს, მისი თქმით „სამაგიდო თამაშის შექმნის იდეა ოთხი წლის წინ გაჩნდა, როცა მეიქათონზე ჟესტური ენის ანბანის გამოსახულების მქონე სუვენირებით აუდიტორიის წინაშე წარვსდექი გუნდის წევრის მოსაძებნად და დავიწყე საუბარი რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის ჟესტური ენის სწავლა, შედეგად ის მივიღე რომ არავინ დაინტერესდა არც ჩემი პროდუქტით, არც გუნდის წევრობით. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ სწავლის შეთავაზებას აჯობებდა სხვა რამ შემეთავაზებინა ჩემი აუდიტორიისთვის, მაგალითად სამაგიდო თამაში, რის შედეგადაც შეიქმნა „ჩუ“.“

რაც შეეხება ჯილდოს „აღნიშნული ჯილდო მოულოდნელი იყო და ეს ჩემთვის წარმოადგენს ძალიან დიდ მოტივაციას და ამავდროულად უზარმაზარ პასუხისმგებლობას.“

სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მხარდაჭერილია შვეიცარიული ფონდის, HEKS-EPER-ის მიერ.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება სოციალური ინოვაციების კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ სამეწარმეო იდეების წახალისება და განვითარება. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 5 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცამათ 10,000 ევრო, იდეების განსახორციელებლად.
განაცხადების მიღება შესაძლებელია 15 დეკემბრამდე.

მეტი ინფორმაცია პროექტისა და კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.socialinnovation.ge