მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური სააგენტო შესყიდულ მედიკამენტებს ვერ ხარჯავდა, მაგრამ ყოველ წელს უფრო მეტს ყიდულობდა – აუდიტი

61e3d62f9b5dc
სალომე მეცხვარიშვილი
16.01.22 12:22
1174
სოციალური მომსახურების სააგენტო შესყიდულ მედიკამენტებს ვერ ხარჯავდა, მაგრამ ყოველ წელს კიდევ უფრო მეტს ყიდულობდა – აღნიშნულის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს ეხება.

საქმე ისაა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმა 23 დასახელების, 2,910,000 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვა, რომელთაგან შეისყიდა 2,777,063 ლარის მედიკამენტები.

წლის განმავლობაში ბენეფიციარებზე გაიცა ფარმაცევტული პროდუქტის მხოლოდ 20% და ნაშთად დარჩა 80%, ღირებულებით − 2,235,354 ლარი.

არსებული მარაგების მიუხედავად, მომდევნო 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 198%-იანი ზრდით და განისაზღვრა 10,000,000 ლარით, ხელშეკრულებები გაფორმდა 7,957,202 ლარზე. (აგვისტოში პროგრამის მოსარგებლეებს დაემატნენ ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფები და მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდა 12 სახეობით, 36 სახეობამდე)მიუხედავად ამისა, ბენეფიციართა მომსახურებას სააგენტო ახორციელებდა წინა წლის მარაგებით, ხოლო მიმდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მედიკამენტების 96%, ღირებულებით − 7,601,989 ლარი, შეისყიდა წლის ბოლოს.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს 2018 წლის ბოლოს ნაშთად ერიცხებოდა 5,587,414 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი, ხოლო 2,598,844 ლარის ღირებულების მედიკამენტის მისაღებად გადარიცხული ჰქონდა ავანსი, 2019 წლისათვის სახელმწიფო პროგრამით განისაზღვრა 19,000,000 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა.


“საწყის ეტაპზე პროგრამის განხორციელებას თან ახლავს გარკვეული რისკები, რაც დაკავშირებულია შემდეგ გარემოებებთან: პროგრამა ხორციელდება პირველად, არ არსებობს შესაბამისი გამოცდილება და მყარი სტატისტიკური მონაცემები მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ და სხვ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პროგრამის განხორციელების მომდევნო წლებში, არ არის გათვალისწინებული წინა პერიოდების გამოცდილება. აღნიშნულმა განაპირობა პროგრამით გათვალისწინებული დაავადებებისსამკურნალო მედიკამენეტების მაღალი ნაშთების არსებობა, რამაც, თავის მხრივ, წარმოშვა შემდეგი სახის რისკები:

– სამკურნალო საშუალებებს გააჩნიათ მკაცრად განსაზღვრული ვარგისიანობის ვადა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მათი გაუვარგისების რისკი მაღალია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პროგრამის ფაქტობრივ მოსარგებლეთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა;

– სამედიცინო მომსახურება სწრაფად განვითარებადი, დინამიკური სფეროა. იცვლება მკურნალობის მეთოდები და სქემები (გაიდლაინები), რაც, თავის მხრივ, მომსახურების მედიკამენტური შემადგენლის ხშირ ცვლილებას იწვევს. შესაბამისად, მედიკამენტების მარაგების შექმნისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული რისკები, რათა შესაძლებელი იყოს სერვისის ეფექტიანი მიწოდება”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.