მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელსა და ქალაქში შინამეურნეობების 37.4%-ს საშუალო თვიური შემოსავალი შეუმცირდათ

615ae17e33a5f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.21 15:26
976
სოფელსა და ქალაქში მოქმედი შინამეურნეობების 37.4%-ს საშუალო თვიური შემოსავალი შეუმცირდა, - ამის შესახებ ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც მესამე ტალღის პერიოდში, მაის-ივნისში საქსტატმა UNICEF-თან პარტნიორობით აწარმოა.

საქსტატის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობას 1996 შინამეურნეობა იღებდა და გამოხმაურების მაჩვენებელი 83.7% იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური შემოსავალი ქალაქის ტიპის დასახლებებში მოქმედ შინამეურნეობებში 38.2%-ს, ხოლო სოფლად 36.3%-ს შეუმცირდა.

შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები სახელდება, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი, ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (50.7%); კომპანიის/ ბიზნესის დახურვა, სადაც შინამეურნეობის წევრი (16.9%) მუშაობდა; შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (8.5%); შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.8%).

შინამეურნეობების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ შინამეურნეობების 13.9%-ში, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში სამსახური ერთმა წევრმა მაინც დაკარგა. აღსანიშნია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 16.3 %-ს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 10.5%-ს შეადგენს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე არიან თუ არა შეწუხებული, რომ თავად ან მათი შინამეურნეობის წევრი შეიძლება COVID-19-სგან მძიმედ ავად გახდეს, რესპონდენტების 45.1% პასუხობს, რომ ძალიან შეწუხებულია; 29.7% - შეწუხებულია ზომიერად; 12.5% - მეტ-ნაკლებად; 5.5% - უმნიშვნელოდ; ხოლო 7.0% საერთოდ არ არის შეწუხებული.