მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ექსპორტის შემცირებას ვარაუდობს

5f06e34ce498b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.20 14:00
884
მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირებაზე საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ყურძნის მინიმალური ფასის განსაზღვრით მთავრობამ შექმნა მინიმალური სოციალური გარანტიები, რომელიც მევენახეებს აღელვებდათ.

„ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას, მიიღებენ - 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი (1 კგ-ზე). ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სოციალური გარანტიები მევენახე ფერმერებისთვის გავაჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა მინიმალურ ღირებულებად 80 თეთრის დაწესების მოტივი განმარტა და იმ გამოწვევბზე ისაუბრა, რომლებიც დღეს ღვინის წარმოების სექტორში არსებობს.

„შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ფასი უნდა იყოს „ესა და ეს რიცხვი“, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი ფასი.

მევენახეობის სექტორში დღეს ვაწყდებით ძალიან რთულ გამოწვევას. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება ევროპის წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რომლებიც მსოფლიო ღვინის წარმოების 70%-ზე მეტს აწარმოებენ. ფაქტიურად ყველგან არის დაბინავების და ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და იწარმოოს ღვინო. ასეთ რთულ ვითარებაში ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახეებისთვის, ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი მიღწევა და არის ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობა ქართული საზოგადოების, იმიტომ რომ ეს არის გადასახადების გადამხდელთა მიერ აკუმულირებული თანხები. ეს არის სოლიდრობა ამ შემთხვევაში მევენახე ფერმერებისთვის იმისთვის, რომ მათი საქმიანობა წელს ასევე იყოს დაფასებული და მათ ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი.

ამ საკითხით სპეკულირება დღევანდელ მძიმე პირობებში, სხვადასხვა მხარის მხრიდან უმართებულო იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს ექსპორტი შემცირდება ხოლო მოსავლიანობა წინა წლების მსგავსად მზარდი იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხით სპეკულირება დღევანდელ მძიმე პირობებში, სხვადასხვა მხარის მხრიდან უმართებულო იქნება.

„ჩვენ გვესმის, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა იმ პირობებში, როდესაც ჰორეკა სეგმენტი რამდენიმე თვე იყო დაკეტილი; გვესმის, რომ სამეზობლო ქვეყნებში ვითარება კოვიდიდან გამომდინარე კიდევ უფრო მძიმეა და იქ ჩაკეტვების რეჟიმი ჯერ კიდევ გრძელდება; აქედან გამომდინარე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ექსპორტის კუთხით გვქონდა შეიძლება წელს ვერ მივიღოთ. მეორე მხრივ, ჩვენი ნედლეულის წარმოება იყო სწორედ ამ ზრდაზე ორიენტირებული და ჩვენ ყოველწლიურად 10-15%-ით მეტი ყურძნის წარმოება გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო წლებში ჩვენ ინტენსიურად ვაშენებდით ვენახებს და რამდენიმე ათეული კომპანიიდან მივიღეთ 300-მდე მწარმოებელი კომპანია, ხოლო რაოდენობაში ეს არის 300 000 ტონა ინდუსტრიულად გადასამუშავებელი ყურძენი 2020 წელს. ასე რომ ამ მასის დაბინავება ასეთ პირობებში, ასეთ ფასად, ვფიქრობ, რომ ეს არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა იჩენს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს ყურძნის მინიმალური ფასი 1 კგ-ზე 70 თეთრს შეადგენდა.