13.აგვისტო .2022 12:25

სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?

სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?
views 701
უკან

სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თხილის წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და საერთაშორისო ბაზარზე თხილის სექტორში არსებული სიტუაცია განიხილეს.

უწყების ცნობით, საუბარი ასევე ფასის ფორმირების საკითხს შეეხო, რომელსაც ბაზარი არეგულირებს და საქართველოს შემთხვევაში, დიდწილად თურქეთში თხილის სექტორში არსებულ მოსავლიანობასა და ფასზეა დამოკიდებული. მხარეებმა ევროპის ბაზრებზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების და საფასო პოლიტიკის საკითხზეც იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში სამინისტრო მაქსიმალურად ეხმარება თხილის მწარმოებელ ფერმერებს მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებაში. „გადამწყვეტია ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, თხილის სექტორში მავნებლებთან ბრძოლის მიმართულებით ახორციელებს და სადაც მეთხილე ფერმერების აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება უმთავრესია, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალი ფასის მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციაა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თხილის სექტორის განვითარებისთვის ფერმერთა ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.