მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის პროდუქტების 10%-იანი გაძვირებაა მოსალოდნელი - ბიზნესი

624db7dc8abae
ლიკა გურაბანიძე
06.04.22 21:49
1217
ნავთობპროდუქტებზე საგრძნობლად გაზრდილი ფასების და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე, ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 10%-იან ზრდას აანონსებენ.

ფასების შენარჩუნება მოგების მარჟის შემცირებით ამ ეტაპზე ხდება, თუმცა მცირე დროში, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მაგალითად, იგივე ბოსტნეულზე, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. საქართველოში დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია განმარტავს, რომ მიწის დამუშავებიდან დაწყებული, მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქციის მიწოდებით დასრულებული, ყველა ხარჯი საწვავის ფასზე პირდაპირპროპორციულად მიბმულია.

მისივე განმარტებით, მიმდინარე სეზონზე ფერმერებს მიწის დამუშავება 20-30%-ით გაუძვირდათ. მაგალითად, გაორმაგებულია ფასები სათესლე მასალებზე, ჩითილებზე და სასუქებზე. ჭყონია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატებას 10%-ით ვარაუდობს, თუმცა გააჩნია პროდუქტს, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის არსებობას და ამინდებს. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტზე ფასი შესაძლოა 20-25%-იანი ზრდაც მოხდეს.

“ნავთობპროდუქტების ფასები ფერმერებზე საკმაოდ მტკივნეულად აისახება. მიწის დამუშავება ტრაქტორით ხდება, რომელიც დიზელს მოიხმარს. ამ სეზონზე ფერმერებს მიწის დამუშავება გაუძვირდათ. აღებულ მოსავალსაც თავისთავად დიზელი სჭირდება, რათა აღნიშნული ტერიტორიიდან პროდუქციის გამოტანა მოხდეს. ბევრი ფერმერი მინდორში დიზელზე, ან ბენზინზე მომუშავე ტუმბოს იყენებს. იმის საშუალება არ არის, რომ სარწყავად ელექტროენერგია გამოიყენოს. ეს ყველაფერი თავისთავად პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

იგივე პრობლემებზე საუბრობს “მარგებელი ჰოლდინგის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი. მისი თქმით, სამომავლოდ ფასის ზრდის მიუხედავად, უცხოეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია მათ კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან პრობლემები მხოლოდ ქართულ ბაზარს არ აქვს და არსებული პრობლემები იმპორტირებული პროდუქციის ფასსაც ზრდის. ასევე მისი განმარტებით, ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასების გარდა არსებობს რიგი საკითხები რაც ფასების კორექტირებაზე გავლენას ახდენს.

“ბოლო პერიოდში ნედლეულის ფასზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა. გარკვეული სამუშაოებისთვის დიზელს ვიყენებთ და მისი ფასი 1.20 ლარითაა გაზრდილი, რასაც საბოლოო პროდუქციაზე გავლენა ექნება. ფასის განსაზღვრაში ისეთი ფაქტორებიც დიდ როლს თამაშობს, როგორიცაა თანამშრომლებისთვის გაზრდილი ფასები, რადგან ინფლაცია მაღალია, ხოლო სეზონზე მომუშავე თანამშრომლებს ხელფასები უნდა გავუზარდოთ, რაც საბოლოო პროდუქციაზე გავლენას ასევე მოახდენს. იმპორტირებულ პროდუქციაზეც გაზრდილია ფასები.” - აღნიშნა ანა ბერიშვილმა.

ფასების სამომავლოდ მატებაზე საუბრობს “ჰერბიას” დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძეც, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. პრობლემები კომპანიას საგრძნობლად შეეხო, თუმცა სხვების მსგავსად ფასის შენარჩუნებას ახერხებს. ვითარების გამოსწორებას ელოდება, მაგრამ ამის მოლოდინი ნაკლებად აქვს და ფასების უახლოეს პერიოდში კორექტირებას დაახლოებით 7-10%-ით ვარაუდობს.

“ბოლო მონაცემებით, ჩვენთან პროდუქციის მოყვანის და მაღაზიამდე მიტანის ხარჯები დაახლოებით 15%-მდე უკვე გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ გასაყიდ პროდუქციაზე ფასები ჩვენც ამდენივე პროცენტით უნდა გავზარდოთ, თუმცა მოგების მარჟას ვიმცირებთ და უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზევე ფასის გაზრდას მხოლოდ 10%-მდე ვგეგმავთ. ჩვენ ამ ფაქტს მტკივნეულად განვიცდით, რადგან ფასების კორექტირება რთულია, როგორც ქსელური მარკეტებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.” - განმარტა “ჰერბიას” დამფუძნებელმა.