მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი $22-მილიარდიან ზარალზეა

62f11fbbe2d2e
გიორგი თოლორდავა
08.08.22 21:40
864
უმსხვილესი იაპონური საინვესტიციო ჰოლდინგი კვარტალურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი - Vision Fund წლის პირველ ნახევარში $21.6-მილიარდიან ზარალზეა.

საფინანსო ჰოლდინგის უაღრესად იმედგამაცრუებელი შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლითა და იმ კომპანიების აქციების ვარდნითაა განპირობებული, რომელთაც Vision Fund-ი ფლობს.

საგულისხმოა, რომ Vision Fund, უმეტესწილად, ინვესტიციებს მაღალტექნოლოგიურ სექტორსა და ინოვაციურ პროექტებში ახორციელებს. ბუნებრივია, ზრდის მაღალ პოტენციალს თან ახლავს რისკებიც, რისი თვალსაჩინო მაგალითიც SoftBank-ის კვარტალური შედეგებია.

SoftBank-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მასაიოში სონის განცხადებით, საინვესტიციო ჰოლდინგი უახლოეს მომავალში „კონსერვატიულ და თავდაცვით“ სტრატეგიაზე გადაერთვება, რაც რისკების შემცირებას და წამგებიანი პოზიციების დახურვას გულისხმობს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, Vision Fund-მა უკვე დაიწყო Uber-სა და Opendoor-ში ინვესტიციების შემცირების პროცესი.

SoftBank-ი ტოკიოში 1981 წელს დაფუძნდა და ის იაპონიის მასშტაბით უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 67 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის მარტში SoftBank-ის საბაზრო ღირებულება 175 მილიარდ დოლარს აღწევდა.