მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოკარმა სემეკ-ში 45 მლნ ლარამდე საინვესტიციო გეგმა წარადგინა - გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი?

5e612e2b231e2
დავით ჯალაღონია
05.03.20 23:00
1001
"სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადი წარადგინა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, ეს დოკუმენტი დაახლოებით 45 მილიონ ლარამდე საინვესტიციო გეგმას მოიცავს, რომელიც ორ წელიწადნახევარზე უნდა განაწილდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო გეგმების შეთანხმება გასულ წელს, როცა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები დამტკიცდა, ვერ მოხერხდა, რადგან 2019 წლის მდგომარეობით, "სოკარი" ახალ ტარიფში 150 მილიონი აშშ დოლარის ასახვას ითხოვდა, საქართველოს მთავრობამ კი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა გასულ წლებში ჩადებული 150 მლნ-იან ინვესტიციას 2019-2022 წლების ტარიფზე გავლენა არ მოეხდინა.

"ჩვენთან "სოკარმა" ხელახალი განაცხადი შემოიტანა, ვინაიდან, ჩვენ დეკემბრის ბოლოს "სოკარისთვის" დავადგინეთ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე დროებითი ტარიფი, 6 თვის ვადით. ამ ექვსთვიანი ვადის გასვლამდე მას უნდა წარმოედგინა შესაბამისი დაანგარიშება და მაჩვენებლები, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ უნდა დავადგინოთ ტარიფები, ამიტომაც მათ შემოიტანეს ხელახალი განაცხადი. არსებითი სხვაობა წინა განაცხადთან მიმართებით არ არის, გარკვეული პარამეტრებია დაზუსტებული, აქედან გამომდინარე, მათი გასულ წელს შემოტანილი მაჩვენებლების ნაწილი, ჩვენი მხრიდან არის აუდირებული, ხოლო იმ ნაწილის, რაც დამატებით არის შემოტანილი, შესაბამისი მარეგულირებელი აუდიტი განხორციელდება, სემეკ-ის მიერ დადგენული წესის მიხედვით და ამ ყველაფერზე დაყრდნობით მოხდება მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშება.

საინვესტიციო ნაწილი ჩვენი მხრიდან დაიწურა და შესაბამისად, ეს ნაწილი გავლილი გვაქვს, მათ მიერ წარმოდგენილი ინვესტიციების სრული ასახვა არ მოხდება. ჩვენ გარკვეული პრიორიტეტიზაცია მივანიჭეთ და შესაბამისად, ამის მიხედვით მოხდება ინვესტიციების ასახვა მომდევნო ორწელიწადნახევრის გეგმებში. მათგან მნიშვნელოვანია ახალი არეალების ნაწილი, ასევე, არსებული არეალების ნაწილში გაზმომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ღონისძიებები", - განმარტა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ სემეკ-ის მიერ დასამტკიცებელ საინვესტიციო გეგმას, ივლისის შემდეგ განახლებულ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა არ ექნება.

"ტარიფის ზრდას რეგიონებში არ ველოდებით. გარკვეულ საკითხებზე, როგორც ეს სხვა კომპანიების შემთხვევაში იყო, სახელმწიფო იღებს თავის თავზე გარკვეულ რისკებს. ამ ეტაპზე გასათვალისწინებელი და მისასალმებელია ის, რომ ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში დაბლა წამოვიდა და ვინაიდან, გაზის ფასი დოლარშია ფიქსირებული, ესაც იქონიებს გავლენას, ასე რომ რაიმე სახის ზეწოლა, ჩემი აზრით, ტარიფზე არ იქნება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები "თბილისი ენერჯის", "სოკარ ჯორჯია გაზის", "საქორგგაზისა" და რამდენიმე მცირე მასშტაბის კომპანიისთვის 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. მათგან, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" გარდა, ყველა კომპანიისთვის სამწლიანი ტარიფი დამტკიცდა. ტარიფები, თითქმის ყველა აბონენტისთვის, უცვლელი დარჩა.