29.აპრილი .2020 13:35

სოლიდური კომპანიისგან არ გამიგია ასეთი მოწოდება - გვენეტაძე სარეზერვო მოთხოვნაზე

views 363
უკან

“სოლიდური საკონსულტაციო კომპანიისგან არ გამიგია ასეთი მოწოდება,”- კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას, სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არსებულ ვითარებაში, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა. ამასთან, გვენეტაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე უფრო ვრცლად საკუთარი Facebook-ის მეშვეობით წერილობით განმარტებას გააკეთებს.

“მე გამიგია და ვიცი რომ ასეთი რეკომენდაცია არსებობს. სოლიდური საკონსულტაციო კომპანიისგან არ გამიგია ასეთი მოწოდება. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეს ბრიფინგი დამთავრდება, მე გამოვაქვეყნებ ჩემს მოსაზრებას ამ საკითხზე, სადაც ვფიქრობ რომ არ არის ახლა ეს გასაკეთებელი. ვფიქრობ რომ იქ უფრო კარგად ჩამოვაყალიბებ სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით და მოშველიებით თუ რატომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ არის კარგი. ეს პოპულისტურად გამოიყურება ძალიან. თითქოს ეს არის პანაცეა და ყველაფრის გადამჭრელი, რაც ნამდვილად არ არის ასე. ჩემს facebook გვერდზე გამოვაქვეყნებ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს. შექმნილი კრიზისის ფონზე, სებ-ს ამ მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდებდნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ბანკებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი, რათა ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდონ.

სებ-ს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი და საკონსულტაციო კომპანია “რეფორმატიკსიც” მოუწოდბდნენ.

“ვფიქრობთ, რომ ლარის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, მოხდეს დარეზერვების ნორმის შემცირება უცხოურ ვალუტაში,”- განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა

საინვესტიციო ბანკი Renaissance Capital-ი კი მარტში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნავდა, რომ სებ-ს აღნიშნული განაკვეთის 5%-ით შემცირება და შესაბამისად საბანკო სისტემისთვის $200 მილიონის გამოთავისუფლება შეეძლო.

TBC Research-ის მიმოხილვაში კი ნათქვამია, რომ სებ-ი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას განიხილავდა, რაც საბანკო სისტემისთვის დამატებით, მნიშვნელოვანი რესურსების გამოთავისუფლებას გამოიწვევდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა