მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაბრუნებული ემიგრანტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ₾650,000 იხარჯება“ - სააგენტო

62e2d6aa96727
ალა ისპირიანი
29.07.22 20:30
3995
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ₾650,000 გამოიყოფა.

როგორც მათ Bm.ge-ს აცნობეს, აღნიშნული თანხის ფარგლებში სახელმწიფო ყოფილ ემიგრანტებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, რომელთა შორისაა საშემოსავლო ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის სამსახური 2020 წლის 15 ივლისიდან ახორციელებს.

აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 650,000 ლარი გამოიყოფა.

პროგრამა ოთხ კომპონენტს მოიცავს:

1. სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება (მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის) – 1000 ლარის ფარგლებში;
2. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში დაბრუნებისთანავე არაუმეტეს 6 ღამისა);
3. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა - 1000 ლარის ფარგლებში;
4. საშემოსავლო ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება - არაუმეტეს 4000 ლარისა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის კომპონენტებიდან, ყველაზე მოთხოვნადი საშემოსავლო პროექტის დაფინანსების კომპონენტია.

„პროგრამის კომპონენტებიდან, ყველაზე მოთხოვნადია მეოთხე, რომლის ფარგლებშიც 2020 წლიდან დღემდე 463 ბენეფიციარის მხარდაჭერა მოხდა.

2020-2022 წწ პერიოდში სამედიცინო დახმარების კომპონენტით 90-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტზე შემოსული 120-მდე ბენეფიციარის რეფერირება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მოხდა“, - გვაცნობეს სსიპ-დან.

რაც შეეხება მიგრანტების მიერ ყველაზე ნაკლებ მოთხოვნად კომპონენტებს, მათი ცნობით, ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაა, რომლითაც 8 ბენეფიციარმა ისარგებლა.