მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, აზერბაიჯანი ან უკრაინა - რაზეა დამოკიდებული წელს ამ ბაზრებზე Phubber-ის შესვლა

5f1c0d6beda6f
მარიამ ადამია
25.07.20 14:55
2729
კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა, წელს Phubber-ის სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლა გადაავადოს.  ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Forbes georgia-ის 30under30-ის სიის წევრმა და აპლიკაცია Phubber-ის თანადამფუძნებელმა ანანო დოლაბერიძემ განაცხადა.

„წელს, პანდემიამდე, სანამ მსოფლიოში მდგომარეობა აირეოდა, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე უნდა შევსულიყავით და იქაური მომხმარებლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ჩვენი მომსახურება. ეს გეგმა 2020 წლის ბოლომდე არ შეიცვლება, თუმცა შემოდგომაზე უფრო ზუსტად გვეცოდინება, ღირს თუ არა ამ ბაზრებზე ყურადღების გამახვილება. ზოგადად კი, ჩვენი მთავარი მიზანია, უახლოეს პერიოდში რეგიონის ქვეყნები ავითვისოთ, რადგან მსგავსი აპლიკაცია ამ ბაზრებზე არაა, მოსახლეობის მხრიდან კი მოთხოვნა არის“, - ამბობს ანანო დოლაბერიძე.

ამასთან, მისივე თქმით, თუკი უახლოეს მომავალში ეპიდსიტუაცია აღნიშნულ ქვეყნებში არ გამოსწორდა, აპლიკაციის დამფუძნებლები ბაზრის გაფართოების მეორე ვარიანტსაც განიხილავენ.

„თუ წელს ჯერ სომხეთში და შემდეგ აზერბაიჯანში ვერ შევედით, მაშინ უკრაინას განვიხილავთ შემდეგ ვარიანტად, მაგრამ რეალურად, გვსურს, ჯერ პატარა ბაზარი ავითვისოთ, მივიღოთ გამოცდილება სხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების და პროდუქტის შეტანის და შემდეგ უფრო დიდ ბაზრებზე გავიდეთ, ისეთზე როგორიც, მაგალითად, უკრაინაა, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხადია, იქ შევალთ, სადაც უსაფრთხო გარემო იქნება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, სტარტაპი Phubber-ი, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა და მისი კონცეფცია უფრო მეტად მეორეული ნივთების გაყიდვაზეა დაფუძნებული, თუმცა Phubber-ი, ასევე, სხვა სეგმენტებზეცაა გათვლილი, მაგალითად, აპლიკაციაში იპოვით ქართველი დიზაინერების გასული წლების კოლექციების განყოფილებას და ა.შ.