მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკის კლება (დეკემბერი)

601883a407509
ეგნატე შამუგია
02.02.21 23:00
1679
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წლის დეკემბერი და ნოემბერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე სექტემბერ-ოქტომბერი. საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის 27 სექტემბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი 10 ნოემბერს დასრულდა, რაც ბუნებრივია, ნოემბრის თვის ეკონომიკური მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახა. ფაქტია, რომ ომში დამარცხებული სომხეთის ეკონომიკა გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების - აზერბაიჯანი და საქართველო. ომის შემდეგ პერიოდში სომხეთი მასობრივმა გამოსვლებმა მოიცვა, რამაც ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა და ნეგატიური მოლოდინები შექმნა. ეს უკანასკნელი კი ეროვნულ ვალუტაზეც აისახა. წლის ბოლოსკენ სომხური დრამი ყოველკვირეული მკვეთრი გაუფასურებით გამოირჩეოდა. პოლიტიკური არასტაბილურობის მხრივ სომხეთი გამონაკლისი არ არის, რადგან საქართველოშიც პოლიტიკური კრიზისია. შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. პოლიტიკურ არასტაბილურობას პანდემიის გამო შეზღუდვების გამკაცრებაც დაემატა, რაც სომხეთის გარდა, აზერბაიჯანსა და საქართველოშიც გაფართოვდა. ამ უკანასკნელში კი, მეორე "დიდი ჩაკეტვა" იმდენად მკაცრი და მასშტაბური აღმოჩნდა, რომ გლობალურად რიგით მერვე ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყანა გახდა, აზერბაიჯანი კი - პირველი. ცხადია, აღნიშნული მათ ეკონომიკებზე უარყოფითად აისახა, როგორც ეს პირველი "დიდი ჩაკეტვის" დროს იყო. პირველი ჩაკეტვა კი გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში ეკონომიკური აქტივობის მასშტაბურ შეზღუდვასთან ერთად ნავთობის შოკიც რეგიონის ეკონომიკებზე უარყოფითად აისახა.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

გასულ წელს სომხეთის ეკონომიკა 7.5%-ით შემცირდა, რაც იანვარ-ნოემბერში 7.2% იყო. წლის პირველ ნახევარში კი სომხეთის ეკონომიკური კლება 6.6%-ს აღწევდა. ეს კი წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური მდგომარეობის მეტად გაუარესებას ასახავს. განსაკუთრებით კი წლის ბოლო თვეებში. სომხეთის ეკონომიკის კლების მაჩვენებელი კი კავკასიაში ყველაზე დიდია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, რაც ნავთობის ფასების სტაბილურობის შემდეგ გაუმჯობესდა. ცხადია, აზერბაიჯანში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებაზე აისახა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. მიზეზი კი ეკონომიკის სტრუქტურაა. აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წილი ნავთობინდუსტრიას უჭირავს, ხოლო უშუალოდ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ამ ინდუსტრიაზე თითქმის არ აისახება. გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-ნოემბრის მდგომარეობითაც კლების იგივე მაჩვენებელი იყო. ცალკე, ნავთობინდუსტრიის გარეშე, ეკონომიკის კლების ნიშნული 2.6%-ს აღწევს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაში ნავთობის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს. კერძოდ, ნავთობი აზერბაიჯანის ეკონომიკის ძირითადი ნაწილია, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს კი ნავთობინდუსტრიაში შექმნილი დოვლათის წილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის 29.9% შეადგინა. სწორედ, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას უკავშირდება ამ ქვეყნის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოს ნავთობპროდუქტების საშუალო დღიური მოხმარება 7.3 ბარელით იყო გაზრდილი, რაც აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის მოთხოვნაზეც აისახა.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ითაა შემცირებული [შეფასებული], რაც ნოემბერსა და დეკემბერში მდგომარეობის არსებითად გაუარესებას მიუთითებს. კერძოდ, გასული წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. ნოემბერში 7.7%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო დეკემბერში კი 7.9%-ს მიაღწია. ეს კი უპირველესად შეზღუდვების გამკაცრების შედეგია. დაწესებული შეზღუდვები კი პირველ რიგში მომსახურების სექტორებზე აისახა. ამდენად, ეკონომიკის შემცირებაში თვალსაჩინო წვლილი საცალო ვაჭრობას, სასტუმრო/სარესტორნო და სატრანსპორტო მომსახურებას გააჩნია. თუმცა, ინდუსტრიული დარგებიდან მშენებლობის კლების ტენდენციაც თვალსაჩინოა, რამაც არამხოლოდ საქართველოს შემთხვევაში, არამედ სომხეთის კლებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ფიგურა 2: გლობალურად საწვავის მოხმარების და ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

გასული წლის ბოლოს რეგიონის ეკონომიკებზე ნავთობის ბაზრიდან მომდინარე შოკი დაბალი იყო, რადგან წლის პირველ ნახევართან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა და ფასები იზრდებოდა. აღნიშნული პირველ რიგში ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე აისახა. ასეთი კი, როგორც ვახსენეთ, აზერბაიჯანია. თუმცა, წლის ბოლოს სამივე ქვეყნის შემთხვევაში ე.წ. მეორე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად მასშტაბური და მკაცრი გახდა. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა გაცილებით მეტად შეიზღუდა, ვიდრე ადრეულ შემოდგომაზე. შეზღუდვებმა კი განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები სომხეთსა და საქართველოს მოუტანა, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება და არამხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპის განვითარებული ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარზე მოლოდინები შედარებით გაუარესდა. უახლოეს პერიოდში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ეკონომიკებში იმუნიზაციის პროცესი ფართოდ მიმდინარეობს, რასაც ვერ ვიტყვით განვითარებად ეკონომიკებზე. მათ შორის, კავკასიაზე, სადაც ამ დროისთვის ვაქცინაცია მხოლოდ აზერბაიჯანში მიმდინარეობს, ხოლო სომხეთში კი, მოსახლეობის მცირე ნაწილია აცრილი. საქართველოში ვაქცინა ამ ეტაპისთვის ხელმიუწვდომელია და როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, თებერვლის მეორე ნახევარში ქვეყანაში დაახლოებით 14.6 ათასი მედპერსონალისთვის საკმარისი რაოდენობის დოზა შემოვა. აღნიშნული კი ეკონომიკის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისიდან გამოსვლა მთლიანად იმუნიზაციის ტემპზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, კავკასიაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მასშტაბური აღდგენითი პროცესი ნაკლებად სავარაუდოა, რაც შიდა ფაქტორებთან ერთად, გარე ფაქტორებსაც უკავშირდება. ასეთი კი, პირველ რიგში ძირითადი სავაჭრო პარტნიორების გახსნის ტემპი და ეკონომიკური აქტივობის აღდგენაა.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>