09.მარტი .2021 22:00

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკის კლება (იანვარი)

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკის კლება (იანვარი)
views 871
უკან

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის გასული მძიმე აღმოჩნდა. ‘დიდი ჩაკეტვით’ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური კრიზისი. ეს უკანასკნელი კი სომხეთსა და საქართველოშია, რომელიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და უფრო მეტად გამწვავდა.

ცხადია, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება და მას ეკონომიკური ფასი გააჩნია, რომელსაც მთლიანი მოსახლეობა იხდის. საქართველოში კრიზისი საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. სანაცვლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რაც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. თუმცა, თებერვალში კრიზისის გამწვავება და მოსახლეობის ნაწილის ქუჩაში გამოსვლა ძირითადი ოპოზიციური პარტიის - ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ გაამწვავა. მალევე ოპოზიციის მიერ ქუჩის საპროტესტო აქციები განახლდა.

ქუჩის გამოსვლებმა სომხეთის დედაქალაქი - ერევანიც მოიცვა. სომხეთში პოლიტიკური კრიზისის საფუძველი განსხვავებულია, რაც აზერბაიჯანთან ომის დასრულებიდან იწყება. სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთმა იმ პოზიციაში მოაწერა, როცა რიგ ტერიტორიებზე აზერბაიჯანს კონტროლი მოპოვებული ჰქონდა, რამაც მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. სომხური ოპოზიციის ქუჩის მიტინგებმა ინტენსიური სახე მიიღო, რასაც მალევე პრემიერმა რიგგარეშე არჩევნების შეთავაზებით უპასუხა, მაგრამ ოპოზიციამ შეთავაზება პაშინიანის გადადგომის გარეშე არ მიიღო. თებერვლის ბოლოს კი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლა პრემიერ-მინისტრმაც მოუწოდა. მიზეზი კი გენშტაბის ხელმძღვანელობის მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა გახდა, რაც ამ უკანასკნელის თქმით "სამხედრო გადატრიალების მცდელობა" იყო.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წლიდან კავკასიის ეკონომიკებისთვის უარყოფითი ფაქტორი არამხოლოდ ზემოთ ხსენებული პოლიტიკური არასტაბილურობა, არამედ 2020 წლის ბოლოდან შეზღუდვების გამკაცრებაც იყო. ამ უკანასკნელის გავლენა კი ეკონომიკურ მდგომარეობაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. კავკასიის ქვეყნებიდან მიმდინარე წლის იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში იყო. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 83.8-იან ნიშნულზე იყო [მაქსიმუმი 100], რაც მსოფლიოში რიგით მე-6 ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიციაა. ბუნებრივია, ეკონომიკური აქტივობის მასშტაბური შეჩერება ეკონომიკის მკვეთრ შემცირებაში აისახა. იანვარში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მეტით, 11.5%-ით შემცირდა, სადაც თვალსაჩინო როლი მომსახურების სფეროს გააჩნია. ვინაიდან, შეზღუდვები ყველაზე მეტად ამ სექტორებზე აისახება, ხოლო საქართველოს ეკონომიკაში 60.0%-ზე მეტი სწორედ მომსახურებას უჭირავს, განსხვავებით აზერბაიჯანის ეკონომიკისა.

ცხადია, აზერბაიჯანში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებაზე აისახა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მიზეზი კი ეკონომიკის სტრუქტურაა. აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წილი ნავთობინდუსტრიაზე მოდის, ხოლო უშუალოდ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ამ ინდუსტრიაზე თითქმის არ აისახება. ამ ფონზე, აზერბაიჯანის ეკონომიკა იანვარში 2.5%-ით შემცირდა. გასულ წელს ეკონომიკის კლება 4.3%-იან ნიშნულზე იყო, რაც რეგიონში დაბალი მაჩვენებელია. ცალკე, ნავთობინდუსტრიის გარეშე, იანვარში ეკონომიკა 0.1% -ით გაიზარდა. ეს კი ამ ქვეყნის ეკონომიკაში ნავთობის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს.

კერძოდ, ნავთობი აზერბაიჯანის ეკონომიკის ძირითადი ნაწილია, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. გასულ წელს კი ნავთობინდუსტრიაში შექმნილი დოვლათის წილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის 29.9% შეადგინა. სწორედ, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას უკავშირდება აზერბაიჯანის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა. მსგავს ვერ ვიტყვით სომხეთის ეკონომიაზე, რომელიც სტრუქტურით საქართველოს ჰგავს და პანდემიისა და 47-დღიანი ომის ფონზე, შარშან 7.5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარშიც სომხეთის ეკონომიკის კლების მაჩვენებელი ამავე ნიშნულს აღწევს.

ფიგურა 2: გლობალურად საწვავის მოხმარების და ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ბაზარზე მდგომარეობის ცვლილება კავკასიის ეკონომიკებზე აისახება. აზერბაიჯანის შემთხვევაში პირდაპირ, ხოლო სომხეთი და საქართველოს ეკონომიკებზე საგარეო ვაჭრობის არხით. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა. გასული წლის ბოლოს რეგიონის ეკონომიკებზე ნავთობის ბაზრიდან მომდინარე შოკი დაბალი იყო, რადგან წლის პირველ ნახევართან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა და ფასები იზრდებოდა. ეს ტენდენცია იანვარშიც გაგრძელდა, რაც პირველ რიგში ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე აისახა. ასეთი კი, როგორც ვახსენეთ, აზერბაიჯანია. შესაბამისად, იანვარში ნავთობის ბაზარზე გაუმჯობესებული მდგომარეობა დადებითად აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც თებერვალშიც პოზიტიური იყო. თუმცა, ეპიდემიური სიტუაციის კუთხით მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე წლის დასაწყისში არსებულ პროგნოზებთან შედარებით ნავთობზე მოთხოვნის საპროგნოზო მაჩვენებლები შემცირებულია. საბოლოოდ, ეკონომიკური მდგომარეობის და ნავთობზე მოთხოვნის დონე ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული, რომელიც უკვე განვითარებად ქვეყნებშიც მიმდინარეობს, განსხვავებით სამხრეთ კავკასიისა.

დღესდღეობით იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ აზერბაიჯანში დაწყებული, ხოლო სომხეთში ჯერჯერობით მოსახლეობის მცირე ჯგუფია აცრილი. საქართველოში ვაქცინა ამ ეტაპისთვის ხელმიუწვდომელია. თავდაპირველად, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თებერვლის მეორე ნახევარში დაახლოებით 14.6 ათასი მედპერსონალისთვის საკმარისი რაოდენობის დოზა იქნებოდა შემოტანილი, მაგრამ დაპირება ფუჭი აღმოჩნდა. ახალი დაპირებით კი - ვაქცინის მიღების პერიოდად მარტის ბოლოა დასახელებული. აღნიშნული კი ეკონომიკის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისიდან გამოსვლა მთლიანად იმუნიზაციის ტემპზეა დამოკიდებული. ამ კუთხით, საქართველო და სომხეთის შემთხვევაში მოლოდინები ნაკლებად სახარბიელოა, რაც მათ ეკონომიკებზე მიმდინარე წელსაც საკმაოდ მძიმედ აისახება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.0%-ით გაიზრდება, სომხეთში კი 3.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. თუმცა, აღნიშნული პროგნოზები ამ ეტაპისთვის შედარებით ოპტიმისტური სცენარისაა, რადგან რისკები გაზრდილია, ვიდრე ეს პროგნოზების გამოქვეყნების პერიოდში იყო.