მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკის კლება (ოქტომბერი)

5fc5555919f71
ეგნატე შამუგია
01.12.20 10:32
2370
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წელი ოთხმაგი შოკის მქონე აღმოჩნდა, რაც მარტის დასაწყისში რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ალიანსის ჩამოშლის შედეგად ნავთობზე ფასების მყისიერ ვარდნით დაიწყო. ნავთობის ფასების და მოთხოვნის შემცირებას რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა გააჩნია, რადგან რეგიონის დიდი ეკონომიკები [სავაჭრო პარტნიორები] ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან. ნავთობის კრიზისის პარალელურად "დიდი ჩაკეტვა" დაიწყო. შედეგად გლობალური ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა, რაც 2008-2009 წლის რეცესიის ნიშნულებს უკვე გაცდა. 27 სექტემბერს კი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, რომელიც 10 ნოემბერს დასრულდა. ომის დასრულებისთანავე სომხეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ომში დამარცხებული ქვეყნაში ახალი პოლიტიკური კრიზისი გაჩნდა. რეგიონის ქვეყნებიდან პოლიტიკური კრიზისი არამხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიცაა, რაც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და ქუჩაში გამოვიდა. ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში, ეს შეიძლება მეოთხე შოკად მოვიხსენიოთ, რომლის შედეგები ჯერ ხელმიუწვდომელია, მაგრამ 45-დღიანი ომის პერიოდის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სტატისტიკის ეროვნული სამსახურების მიერ უკვე გამოქვეყნებულია, რაც რეგიონიდან სომხეთის შედარებით მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სომხეთის ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.1%-ით შემცირდა. სექტემბერში კი, კლების ნიშნულმა 7.5% შეადგინა. ფაქტია, რომ ოქტომბერში რეცესიის მასშტაბების შემცირება ტენდენცია ვერ დადგა. მსგავსი მდგომარეობა საქართველოშიც შეიმჩნევა, რადგან ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, როცა სექტემბერში კლების ნიშნული მხოლოდ 0.7% იყო. საერთო ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ეკონომიკა 4.9%-ითაა შემცირებული [შეფასებული], რაშიც მაღალი წვლილი მშენებლობას, საცალო ვაჭრობას, სასტუმრო/სარესტორნო და სატრანსპორტო მომსახურებებს გააჩნია. საქართველოსთან შედარებით ნაკლები, თუმცა სომხეთის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წილი მშენებლობას და ვაჭრობას უჭირავს, რომელიც მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 17.0%-ს აღწევს. ამ უკანასკნელის ეკონომიკის შემცირებაში მაღალი წვლილი სწორედ ამ სექტორებმა შეიტანა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში სომხეთის მშენებლობის სექტორში რეალური ეკონომიკა 13.3%-ით, ხოლო საცალო ვაჭრობა ნაწილში 12.5%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, ათი თვის მონაცემებით, სომხეთში ეკონომიკის 6.7%-იანი კლებაა. აღნიშნული მაჩვენებელი აზერბაიჯანის შემთხვევაში შედარებით უკეთესია, რადგან მიმდინარე წლის ინავარ-ოქტომბერში ეკონომიკის 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც სექტემბრის მდგომარეობით 3.9% იყო. ათი თვის მონაცმებით, ნავთობისა და გაზის გარეშე აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.3%-ითაა შემცირებული. სწორედ ნავთობია ამ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში ნავთობინდუსტრიაში შექმნილი დოვლათის წილმა მთლიანი ეკონომიკის 29.9% შეადგინა, ხოლო მასზე ფასების და მოთხოვნის ზრდას უკავშირდება აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობის შედარებით უკეთესი ტენდენცია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების.

ფიგურა 2: მსოფლიოში საწვავის წარმოების და მოხმარების ბალანსი (საშუალო დღიური; მლნ ბარელი)
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

გლობალურად, ოქტომბერში საშუალოდ საწვავის საშუალო დღიური მოხმარება მესამე კვარტალის საშუალოსთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში კი წინა პერიოდთან შედარებით, საშუალო დღიური მომხარება 10.3%-ით მეტი იყო. ამდენად, ნავთობპროდუქტების მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფასებიც გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანმა, მიმდინარე წლის მაის-ივლისში შემცირების შემდეგ, ამ უკანასკნელის წარმოება აგვისტოდან კვლავ გაზარდა.

ნავთობინდუსტრიის მხრივ არამხოლოდ გასულ პერიოდში, არამედ წლის ბოლოსკენ და მომავალი წლისთვის დადებითი პროგნოზებია. კერძოდ, გლობალურად წარმოებისა და მოხმარების ზრდაა ნავარაუდევი, რაც აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის ეკონომიკებზე დადებითად აისახება, თუმცა წლის ბოლოსთვის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას და ამის გამო მთავრობების მიერ შეზღუდვების გამკაცრებას ექნება. განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრამდე ორეტაპიანი გამკაცრებული შეზღუდვები [მასშტაბური ჩაკეტვა] იმოქმედებს.