მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკის კლება (თებერვალი)

6064922f79be5
ეგნატე შამუგია
01.04.21 16:00
1828
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის გასული წელი მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ‘დიდი შეზღუდვის’ ეკონომიკურ კრიზის რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური კრიზისი. ეს უკანასკნელი კი სომხეთსა და საქართველოშია, რომელიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და უფრო მეტად გამწვავდა. ცხადია, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება და მას ეკონომიკური ფასი გააჩნია, რომელსაც მთლიანი მოსახლეობა იხდის. საქართველოში კრიზისი საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. სანაცვლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რაც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. თუმცა, თებერვალში კრიზისის გამწვავება და მოსახლეობის ნაწილის ქუჩაში გამოსვლა ძირითადი ოპოზიციური პარტიის - ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ გაამწვავა. მალევე ოპოზიციის მიერ ქუჩის საპროტესტო აქციები განახლდა. ქუჩის გამოსვლებმა სომხეთის დედაქალაქი - ერევანიც მოიცვა. სომხეთის პოლიტიკური კრიზის მიზეზი კი განსხვავებულია, რაც აზერბაიჯანთან ომის დასრულებიდან იწყება. სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთმა იმ პოზიციაში მოაწერა, როცა რიგ ტერიტორიებზე აზერბაიჯანს კონტროლი მოპოვებული ჰქონდა, რამაც სომხეთში პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი და მისი მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. თებერვლის ბოლოს კი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლა პრემიერ-მინისტრმაც მოუწოდა. მიზეზი კი გენშტაბის ხელმძღვანელობის მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა გახდა, რაც ამ უკანასკნელის თქმით "სამხედრო გადატრიალების მცდელობა" იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნაში პოლიტიკური არასტაბილურობა სახეზეა, სომხეთში კრიზისის განსამუხტად რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამ დროისთვის სომხეთის გენშტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნიკოლ პაშინიანმა ონიკ გასპარიანის გადაყენება და ამ პოსტზე არტაკ დავთიანის დანიშვნა მოახერხა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო ოპოზიციის „აყვავებული სომხეთი“ და „ნათელი სომხეთის“ ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ, 20 ივნისისთვის დაინიშნა, რომელიც სომხეთის პრემიერის განცხადებით შეცვლილი საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თავად პაშინიანი კი აპრილშივე თანამდებობას დატოვებს და მოვალეობის შემსრულებლად დარჩება. ეს კი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად არსებითი ნაბიჯია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს შემთხვევაში, რადგან ევროკავშირის მედიატორობით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა და პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რასაც მოსახლეობისთვის ეკონომიკური ფასი გააჩნია.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები
 
მიმდინარე წელის დასაწყისი კავკასიის ეკონომიკებისთვის არამხოლოდ ზემოთხსენებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო იყო რთული, არამედ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდვები გამკაცრდა. იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში მოქმედებდა. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 83.8-იან ნიშნულზე იყო [მაქსიმუმი 100], რაც მსოფლიოში რიგით მე-6 ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიციაა, მაგრამ თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის კლებაზეც აისახა. თუკი ინავარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით იყო შემცირებული, თებერვალში ამ ნიშნულმა 5.1% შეადგინა, ხოლო ორი თვის საშუალო კლება 8.3%-ია. მსგავსად წინა წლისა, მიმდინარე წლის პირველ ორ თვის მონაცემებით, ეკონომიკის კლებაში თვალსაჩინო წვლილი კვლავ მომსახურების სექტორს გააჩნია, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ მომსახურების სექტორებს ეხება. აზერბაიჯანის შემთხვევაში შეზღუდვებს გაცილებით ნაკლები უარყოფითი გავლენა გააჩნია, ვიდრე სომხეთსა და საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში მკაცრი ზომები აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც მოქმედებდა, ამ უკანასკნელის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში მხოლოდ 3.2%-ითაა შემცირებული, ხოლო გასულ წელს ეკონომიკის შედარებით ნაკლები, 2.5%-იანი კლება იყო. მიზეზი კი ეკონომიკის სტრუქტურაა. აზერბაიჯანის შემთხვევაში ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ნავთობინდუსტრიას უკავია, ხოლო საქართველოსა და სომხეთში კი, პირიქით, ეკონომიკის ძირითადი სექტორები მომსახურების სფეროა. გასულ წელს კი ნავთობინდუსტრიაში შექმნილი დოვლათის წილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის 29.9% შეადგინა. სწორედ, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას უკავშირდება ამ ქვეყნის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, საქართველოში თებერვლის პერიოდში შეზღუდვები 14.5%-ით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე აზერბაიჯანში. სომხეთში კი შედარებით მსუბუქი, ხოლო იანვარ-თებერვალში ეკონომიკის 6.7%-იანი კლება, რაც იანვარში 8.2%-ს აღწევდა. გასულ წელს სომხეთის ეკონომიკა რეგიონიდან ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც არამხოლოდ „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისს, არამედ 47-დღიანი ომის და ომის შედეგებითაა განპირობებული. 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა 7.5%-ით იყო შემცირებული, მაშინ როცა საქართველოში ეკონომიკის 6.2%-იანი კლება იყო. თუმცა, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მძიმე დღეში, ვიდრე სამეზობლოს ეკონომიკები. როგორც ვნახეთ, იანვარში ეკონომიკის ორი თვის საშუალო კლება 8.3%-ია, რაც არამხოლოდ კავკასიის, არამედ მთლიანი რეგიონის მასშტაბით ყველაზე ღრმა რეცესიაა.

ფიგურა 2: ეპიდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრე (მაქ. 100; მინ. 0. )
წყარო: The Oxford COVID-19 Government Response Tracker
 
როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის მდგომარეობა კავკასიის ეკონომიკებზეც აისახება. აზერბაიჯანის შემთხვევაში პირდაპირ, ხოლო სომხეთი და საქართველოს ეკონომიკებზე სავაჭრო არხით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა. გასული წლის ბოლოს რეგიონის ეკონომიკებზე ნავთობის ბაზრიდან მომდინარე შოკი დაბალი იყო, რადგან წლის პირველ ნახევართან შედარებით, ნავთობზე მოთხოვნა და ფასები იზრდებოდა. ეს ტენდენცია იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდა, რაც პირველ რიგში, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე აისახა. ასეთი კი, როგორც ვახსენეთ, აზერბაიჯანია. შესაბამისად, მიმდინარე წელს ნავთობის ბაზარზე გაუმჯობესებული მდგომარეობა დადებითად აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო, უახლოეს პერიოდში ნავთობის ბაზრის მოლოდინები გაუმჯობესებულია. საბოლოოდ, ეკონომიკური მდგომარეობის და ნავთობზე მოთხოვნის დონე ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული. გლობალურად ხელოვნური იმუნიზაცია კი აქტიურად მიმდინარეობს, რაც რეგიონშიც უკვე დაწყებულია, მაგრამ შედარებით დაბალი ტემპით. აღნიშნული კი, ეკონომიკის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისიდან გამოსვლა მთლიანად იმუნიზაციაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო, განუსაზღვრელობა კვლევა მაღალ ნიშნულზეა, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, რაც ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისადაა მიჩნეული. ევროპის რიგ ქვეყნებში შეზღუდვები კვლავ გამკაცრდა, ხოლო საქართველოში მთავრობის მხრიდან ასეთი რამ უკვე განიხილება. საქართველოში კი მორიგი ჩაკეტვა განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება, რადგან მიმდინარე წელი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი რეცესიით დაიწყო.  

საბოლოოდ, თებერვლის მდგომარეობით სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებიდან ყველაზე მეტად საქართველო ზარალდება, რომლის ფონზე პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის მეორე რაუნდის ჩავარდნის შემდეგ, პროცესები კვლავ ქუჩაში რჩება და მაისის შუა რიცხვებისთვის ოპოზიციას აქციები აქვს დაანონსებული. პოლიტიკური არასტაბილურობის და შეზღუდვების გამკაცრების მოლოდინში ბუნებრივია ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, რაც მეზობელ სომხეთის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საპირისპიროდ შემობრუნდა, რადგან სტაბილიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები უკვე ვიხილეთ. ეს კი სომხეთში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ამ ეტაპისთვის, მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.0%-ით გაიზრდება, სომხეთში კი 3.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში რისკები გაზრდილია, ვიდრე პროგნოზის დროს. ამდენად, შეიძლება ვთქვა, რომ 4.0%-იანი ზრდის პროგნოზი ოპტიმისტურ სცენარშია. შედარებით განსხვავებული პერსპექტივებია აზერბაიჯანში, რომლის ეკონომიკური მდგომარეობის მამოძრავებელი ნავთობინდუსტრიაა. ამ მხრივ, კი მოლოდინები შედარებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო წინა თვეებში. თუმცა, აქაც რჩება მაღალი რისკები. ევროპაში შეზღუდვების გამკაცრების დაწყების გამო მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაზე მყისიერ გავლენას იქონიებს. ჯერ კიდევ, წლის დასაწყისში არსებული პროგნოზით მიმდინარე წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკის 1.9%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. ამ დროისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, ორწლიან პერიოდში საქართველო და აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 2.4% და 2.5% -ებით ნაკლები იქნება, ხოლო სომხეთის კი - 4.6%-ით.