მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (ივლისი)

612e781800a13
ეგნატე შამუგია
01.09.21 09:00
1727
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წელი მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო “დიდი შეზღუდვის” ეკონომიკურ კრიზისს რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რამაც წლის მანძილზე დასაქმებულთა რაოდენობის 54.1 ათასით (4.2%) კლება გამოიწვია. ძირითადი დარტყმა კი მომსახურების სექტორმა მიიღო. განსაკუთრებით ეკონომიკის იმ დარგებმა, სადაც ტურიზმის პირდაპირი გავლენა მაღალია. მაგალითად, სასტუმრო დ სარესტორნო მომსახურებაში რეალური მშპ-ს კლებამ 37.9% შეადგინა, ხოლო სატრანსპორტო სფეროში კი - 23.3%. მსგავსი სურათი იყო სომხეთშიც, რადგან ეს უკანასკნელიც მომსახურების სექტორის დომინანტობით გამორჩევა. სასტუმრო და კვების მომსახურების სექტორი სომხეთში გაცილებით მეტით, 43.3%-ით შემცირდა. სატრანსპორტო სექტორის კლება კი 34.4% იყო. საერთო ჯამში, 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა 7.5%-ით შემცირდა. ამ პერიოდში, აზერბაიჯანში შედარებით განსხვავებული სურათი იყო, რაც დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურას უკავშირდება. თუკი საქართველო და სომხეთის ეკონომიკაში ძირითადი ნაწილი მომსახურების სექტორია, აზერბაიჯანში ამ უკანასკნელის წილი შედარებით დაბალია. ეკონომიკის დიდი ნაწილი, მთლიანი დოვლათის თითქმის 1/3 პირდაპირ ნავთობინდუსტრიაზე ნაწილდება. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში ნავთობის ბაზრის მდგომარეობის გაუმჯობესება ამ ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახა და წლიურმა კლებამ მხოლოდ 4.3% შეადგინა.
 
პოლიტიკური არასტაბილურობა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და სომხეთში კვლავ მაღალ ნიშნულზეა. 20 ივნისს სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ნიკოლ პაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, აღნიშნული მაინცდამაინც პოლიტიკური სტაბილურობის საშუალება არ აღმოჩნდა, რადგან პროცესები კვლავ დაძაბულია. ოპოზიცია თავიდან ბოიკოტს აცხადებდა, ხოლო პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელჩართული ბრძოლა იმართება. ხანგრძლივი ბოიკოტი საქართველოსთვისაც ნაცნობია. გასული წლის ნოემბერში გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველოშიც მომდევნო 6 თვე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, რამაც პოლიტიკური პროცესები პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადაიტანა. ეს კი მას შემდეგ დასრულდა, რაც ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება დაიდო. შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ 43.0%-ზე მეტი ვერ მიღების შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა, რადგან შეთანხმებიდან „ქართული ოცნება“ გავიდა. მიზეზად კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაში არმონაწილეობა დაასახელა. შესაბამისად, თუკი წინასაარჩევნო პერიოდსაც გავითვალისწინებთ, პოლიტიკური დაძაბულობა შედარებით გაზრდილია. ამდენად, მიმდინარე წელიც რეგიონისთვის არასახარბიელო იყო, რადგან პანდემიით გამოწვეულ კრიზისს პოლიტიკური არასტაბილურობაც დაემატა. თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისი აზერბაიჯანია.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად არც თუ ისე სახარბიელო პოლიტიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, საქართველოში ეკონომიკის აღდგენის ტემპი საკმაოდ მაღალია, რაშიც არსებითი წვლილი ადგილობრივი ექსპორტისაა, რადგან მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 27.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთა შედარებით კი, ზრდა 23.9%-ია. რაც შეეხება ამ პერიოდში ეკონომიკის ზრდა - ივნისში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 18.7% -ით გაიზარდა. ეს კი, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 9.6%-იანი ზრდაა. ივლისში კი საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 9.9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ივლისში ზრდის კუთხით საფინანსო, დამამუშავებელი მრეწველობის, სასტუმრო და სარესტორნო, სატრანსპორტო და ვაჭრობის სექტორები გამოირჩეოდა. მიმდინარე წლის პირველ შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 12.2%-ია. იანვარ-ივლისის მდგომარეობით ეკონომიკა არამხოლოდ გასულ წელთან, არამედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც გაზრდილია. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.7%-ია.

მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონიდან არამხოლოდ საქართველოში არამედ სამეზობლოს ქვეყნებშიცაა. თუმცა, ეკონომიკის აღდგენის ტემპით და პანდემიამდე ნიშნულზე დაბრუნებით საქართველო გამოირჩევა. მიმდინარე წლის ივლისში სომხეთის ეკონომიკა 8.0%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7.5%-ით შემცირებული იყო. წლის პირველ ნახევარში კი ეკონომიკის 5.0%-იანი ზრდაა. 2021 წლის იანვარ-ივნისში, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, დოვლათის მოცულობა მხოლოდ 0.1%-ით მეტი იყო. საქართველოს მსგავსად, პირველ ნახევარში ეკონომიკის ზრდაში წმინდა ექსპორტის კონტრიბუცია დადებითია, რადგან აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 23.3%-ით იყო გაზრდილი (პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 15.0%-იანი ზრდაა), ხოლო იმპორტი კი - 7.9%-ით. ივლისში კი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან ამ პერიოდის მდგომარეობით, საერთო ჯამში ეკონომიკა 5.2%-ითაა გაზრდილი, მაგრამ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 0.8%-იანი კლებაა. გასულ წლის ივლისში სომხეთის ეკონომიკა 10.2%-ით იყო შემცირებული, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 5.8%-ითაა გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია, მიმდინარე წლის წინა პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი ოდნავ გაუარესებულია.

თუკი საქართველოში შეზღუდვები არსებითად ივნისიდან შემცირდა (მათ შორის, კომენდანტის საათი), აზერბაიჯანი კვლავ ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნად რჩება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ინდუსტრიულ და მათ შორის, ნავთობზეა დამოკიდებული. ადგილობრივი შეზღუდვები კი ამ დარგებს ნაკლებად ეხება. შესაბამისად, აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობაზე ნავთობინდუსტრიის მაჩვენებლები მკაფიოდ აისახება. აზერბაიჯანული ნავთობის მსხვილი იმპორტიორი კი ევროკავშირია (ძირითადად, იტალია). ივნისში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 73.0 დოლარი იყო, რაც მაისის ფასს 5.0 დოლარით აღემატება. ნავთობის ფასის ზრდა ივლისშიც დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა 75.0 დოლარი შეადგინა. ფასის ზრდის მიუხედავად, წინა პერიოდთან შედარებით, გლობალური მოხმარება დღეში საშუალოდ 3.4 მლნ ბარელით შემცირდა, რამაც ივლისში დღეში საშუალოდ 98.8 მლნ ბარელი შეადგინა. საერთო ჯამში, ივლისში ნავთობის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესება არ ყოფილა, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზეც აისახა. თუკი იანვარ-ივნისში ეკონომიკა 2.1%-ით იყო გაზრდილი, ეს მაჩვენებელი ივლისის მდგომარეობით 2.7%-ია. თუმცა, გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაში ეკონომიკა 3.1%-ითაა შემცირებული, ხოლო დანარჩენ სექტორებში 5.3%-იანი ზრდაა. საერთო ჯამში, პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს 0.2%-ით ჩამოუვარდება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული, მაგრამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასის ზრდა არამხოლოდ ამ უკანასკნელზე არამედ მთლიანად რეგიონზეც აისახება, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებიც ნავთობისა და გაზის წმინდა ექსპორტიორები არიან. დანარჩენს კი სავაჭრო არხით გადაეცემა, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებია. ამ კუთხით კი, წლის მეორე ნახევრისთვის მოლოდინები არ გაუმჯობესებულა, რაც კორონა ვირუსის დელტა ვარიანტის გამო გაზრდილ განუსაზღვრელობას უკავშირდება. აშშ-ს ენერგიის ინფორმაციის სააგენტოს პროგნოზით, 2021 წლის მეორე ნახევარში ბარელ ნავთობზე საშუალო ფასი 72.0 დოლარითაა პროგნოზირებული, ხოლო საშუალო დღიური მოხმარების ზრდა კი - 5.3 მლნ ბარელით, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამ მხრივ, წინა პერიოდთან შედარებით, მდგომარეობა არ შეცვლილა.

ფიგურა 2: კორონა ვირუსის ახალი შემთხვევები (მილიონ მოსახლეზე)
წყარო: Our Data in World

როგორც მთლიანად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ნავთობის ბაზრის მდგომარეობაც ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეპიდემიური მდგომარეობა გაუარესდა, რაც კორონა ვირუსის ახლა - დელტა შტამს უკავშირდება. თუმცა, ვაქცინაციის შედარებით მაღალი ნიშნულისა და ტემპის გამო ამ ქვეყნებში მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. მათ შორის, გაცილებით უკეთესი ეპიდსიტუაციაა სამეზობლოში - სომხეთსა და აზერბაიჯანში. მსგავს ვერ ვიტყვით საქართველოზე, რადგან ე.წ. მეოთხე ტალღამ პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ყველაზე მაღალ ნიშნულებს მიაღწია და საქართველო ინციდენტობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს - 31 აგვისტოს მდგომარეობით, მოსახლეობის 9.7% სრულად აცრილია. აღნიშნული მაჩვენებელი სხვა მეზობელ ქვეყნებში გაცილებით მაღალია. მაგალითად, ამავე პერიოდისთვის აზერბაიჯანში სრულად აცრილთა წილი 25.9%-ია, რომელიც რეგიონიდან შედარებით კარგი ეპიდსიტუაციით გამოირჩევა (თურქეთში ორი დოზით აცრილთა წილი მოსახლეობის 43.2%-ია). შედარებით დაბალი ინციდენტობა სომხეთშიც ფიქსირდება, სადაც ვაქცინაციის ტემპი არც თუ ისე სახარბიელოა. ამ დროისთვის, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილი მხოლოდ 3.3%-ია.

ფიგურა 3: სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა (ას მოსახლეზე)
წყარო: Our Data in World

საერთო ჯამში, ივლისში კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებული იყო, მაგრამ იგივე ტემპი ივლისში არ შენარჩუნებულა. თუმცა, საგამონაკლისოდ, შედარებით გაუმჯობესება საქართველოში იყო. აღნიშნული პერიოდისთვის, ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე მდგომარეობას აჭარბებს, რასაც ვერ ვიტყვით სომხეთი და აზერბაიჯანის შემთხვევაში. ამ ეტაპისთვის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 2021 წლის ბიუჯეტი კი 4.3%-იანი ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, მაგრამ ივლისში ცვლილება განხორციელდა, სადაც ზრდის პროგნოზი 7.7%-მდეა გაზრდილი. ამ ფონზე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის 3.4%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, ხოლო აზერბაიჯანში სავალუტო ფონდის პროგნოზით ეს ნიშნული 2.3%-ია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთს და აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის გაცილებით უფროს სწრაფი ტემპია, ვიდრე ეს პროგნოზების გამოქვეყნების დროს იყო მოსალოდნელი.