მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (ივნისი)

610f05fde3496
ეგნატე შამუგია
08.08.21 10:13
4208
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წელი მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო “დიდი შეზღუდვის” ეკონომიკურ კრიზისს რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს უკანასკნელი კი სომხეთსა და საქართველოში იყო, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა.

ცხადია, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება და მას შესაბამისი ეკონომიკური ფასიც გააჩნდა, რომელსაც მთლიანი მოსახლეობა იხდის. კრიზისის განსამუხტად, მიმდინარე წელის 20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც კვლავ ნიკოლ პაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, აღნიშნული მაინცდამაინც პოლიტიკური სტაბილურობის საშუალება არ აღმოჩნდა, რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. გასული წლის ნოემბერში გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველოშიც მომდევნო 6 თვე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, რამაც პოლიტიკური პროცესები პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადაიტანა. ეს კი მას შემდეგ დასრულდა, რაც ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება კი საარჩევნო, სასამართლო და სხვა რეფორმების გატარებას გულისხმობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ 43.0%-ზე მეტი ვერ მიღების შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა, რადგან შეთანხმებიდან მმართველი პარტია გავიდა, რომლის მიზეზად მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაში არმონაწილეობა დაასახელა. განვითარებული მოვლენებით, თუკი წინასაარჩევნო პერიოდსაც გავითვალისწინებთ, პოლიტიკური დაძაბულობა შედარებით გაზრდილია. ამდენად, მიმდინარე წლის დასაწყისიც რეგიონისთვის არასახარბიელო იყო, რადგან პანდემიით გამოწვეულ კრიზისს პოლიტიკური არასტაბილურობაც დაემატა და ახლაც გრძელდება. ამ მხრივ, გამონაკლისი აზერბაიჯანია.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

2021 წლის დასაწყისი კავკასიის ეკონომიკებისთვის არამხოლოდ ზემოთ ხსენებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო იყო რთული, არამედ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარეც, რადგან შეზღუდვები გამკაცრდა. იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში მოქმედებდა. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 83.8-იან ნიშნულზე იყო [მაქსიმუმი 100], რაც მსოფლიოში რიგით მე-6 ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიციაა, მაგრამ თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის კლების მასშტაბზეც აისახა. თუკი იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით იყო შემცირებული, თებერვალში ამ ნიშნულმა 5.1% შეადგინა, ხოლო ორი თვის საშუალო კლება 8.3% იყო. რაც შეეხება მარტს, ამ პერიოდში შეზღუდვები არ შემსუბუქებულა და 64.81-იან ნიშნულს იკავებდა, ხოლო ეკონომიკის 4.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აპრილშიც შეზღუდვების მასშტაბი თითქმის იმავე ნიშნულზე იყო, მაგრამ ამ პერიოდში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 8.1% შეადგინა. თუმცა, გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტი. კერძოდ, 2019 წელს აპრილში ეკონომიკის კლება 16.6% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პანდემიამდე პერიოდის ანალოგიურ თვესთან მიმართებით, ზრდა 20.8% იყო. მაღალი ზრდის მეორე ფაქტორი საბიუჯეტო ხარჯები იყო. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მთავრობის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები (ვალდებულების გარეშე), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 877.7 მლნ ლარით მეტი, 5 059.5 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯები კი მთლიანი შიდა პროდუქტში აისახება. მაისში კი ეკონომიკის ზრდამ 25.8% შეადგინა, რაც პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის მაისთან შედარებით, 9.1%-იანი ზრდა იყო.

საქართველოში შეზღუდვები მასშტაბურად პირველი ივნისიდან შემსუბუქდა, როცა კომენდანტის საათი გაუქმდა. ივნისში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 18.7% -ით გაიზარდა. ეს კი, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 9.6%-იანი ზრდაა. სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, ივნისის ზრდაშიც დადებითი წვლილი ყველა სექტორს გააჩნია, გარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგისა, მაგრამ კონკრეტულ მაჩვენებლებს საქსტატი არ აქვეყნებს. კომპონენტების მხრივ კი, აღსანიშნავია ექსპორტის როლი, რომელიც იანვარ-ივნისში 25.5%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, 6.0%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტი 19.4%-ითაა გაზრდილი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.0%-იანი ზრდაა. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის ზრდაში წმინდა ექსპორტის წვლილი დადებითია.

ფიგურა 2: ეპიდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრე (მაქ. 100; მინ. 0. )
წყარო: The Oxford COVID-19 Government Response Tracker

მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონიდან არამხოლოდ საქართველოში, არამედ სამეზობლოს ქვეყნებშიცაა. მიმდინარე წლის მაისში სომხეთის ეკონომიკა 10.9%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 12.8%-იანი კლება იყო. რაც შეეხება ივნისს, აღნიშნულ პერიოდში სომხეთის ეკონომიკა 8.0%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7.5%-ით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2019 წლის ივლისთან შედარებით, 0.1%-იანი კლებაა. საერთო ჯამში, იანვარ-ივლისის მდგომარეობით სომხეთის ეკონომიკა 5.0%-ითაა გაზრდილი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთანაც შედარებით, 0.1%-იანი ზრდაა. სექტორული ჭრილში, პირველი ექვსი თვის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი მამოძრავებელი მშენებლობა იყო, რომელიც წინა წელთან შედარებით 10.8%-ითაა გაზრდილი. ამავე პერიოდში, სომხეთი ზრდაშიც წმინდა ექსპორტს დადებითი წვლილი გააჩნია, რადგან ექსპორტი 23.3%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც, 15.0%-იანი ზრდაა. ხოლო, იმპორტის გაცილებით ნაკლები, 7.9%-იანი ზრდაა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით ნაკლებია.

საქართველოსგან განსხვავებით, ივნისში აზერბაიჯანში შეზღუდვები არსებითად არ შემსუბუქებულა. თუმცა, დაწესებულ ზომებს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგი ნაკლებად აქვს, ვიდრე ეს საქართველო ან სომხეთის შემთხვევაში. ამის მიზეზი კი, ეკონომიკის სტრუქტურაა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ ეხება მომსახურების სფეროს, რომელიც საქართველოსა და სომხეთში დომინანტურია, ხოლო აზერბაიჯანში ეკონომიკის დიდი ნაწილი ნავთობინდუსტრიას უკავია. მაგალითად, გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათის 29.9% ნავთობინდუსტრიის წილი იყო. აღნიშნული კი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 35.8%-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზე არსებითი გავლენა სწორედ ნავთობის ფასებს და მასზე მოთხოვნას გააჩნია. ივნისში ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა 73.0 დოლარი შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 5.0 დოლარით მეტია. ეს კი წინა წლის ივნისთან შედარებით 33.0 დოლარით მეტია. ამ პერიოდში არამხოლოდ ფასი, არამედ მოხმარებაც გაზრდილია. კერძოდ, ივნისში საშუალო მოხმარებამ 97.9 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2.0 დოლარით მეტია, ხოლო წინა წლის ივნისთან შედარებით კი - 8.0 დოლარით მეტი. ამდენად, ივნისში ნავთობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დადებითად აისახა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.1%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-მაისში 0.8% იყო. გასული წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.7%-ით იყო შემცირებული. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა 0.7%-ითაა შემცირებული. ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს ჯერ არ დაბრუნებულა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული, მაგრამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასის ზრდა არამხოლოდ ამ უკანასკნელზე არამედ მთლიანად რეგიონზეც აისახება, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებიც ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან. დანარჩენს კი სავაჭრო არხით გადაეცემა, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებია. ამ კუთხით კი, წლის მეორე ნახევრისთვის გაუმჯობესებული მოლოდინებია. კერძოდ, აშშ-ს ენერგიის ინფორმაციის სააგენტოს პროგნოზით, 2021 წლის მეორე ნახევარში ბარელ ნავთობზე საშუალო ფასი 72.0 დოლარითაა პროგნოზირებული, ხოლო საშუალო დღიური მოხმარების ზრდა კი - 5.3 მლნ ბარელით, ვიდრე წლის პირველ ნახევარში იყო. ამდენად, შედარებით დაბალი ფასის მიუხედავად, ნავთობის კუთხით პოზიტიური მოლოდინებია, რადგან მოხმარების ზრდაა ნავარაუდევი.

ფიგურა 3: კორონა ვირუსის ახალი შემთხვევები (მილიონ მოსახლეზე)
წყარო: Our Data in World

თავის მხრივ, ნავთობის ბაზრის მდგომარეობაც ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული, როგორც მთლიანად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეპიდემიური მდგომარეობა გაუარესდა, რაც კორონა ვირუსის ახლა - დელტა შტამს უკავშირდება. თუმცა, ვაქცინაციის შედარებით მაღალი ნიშნული გამო ამ ქვეყნებში მდგომარეობა უმჯობესდება. მათ შორის, გაცილებით უკეთესი ეპიდსიტუაციაა სომხეთსა და აზერბაიჯანში. მსგავს ვერ ვიტყვით საქართველოზე, რადგან ეპიდემიის ე.წ. მეოთხე ტალღაა. შესაბამისად, ეპიდემიური მდგომარეობა არსებითად გაუარესებულია. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 5 აგვისტოს მდგომარეობით მინიმუმ ერთი დოზით მოსახლეობის 29.6% -ია აცრილი. აღნიშნული მაჩვენებელი სამეზობლოში გაცილებით მაღალია. მაგალითად, ამავე პერიოდისთვის აზერბაიჯანში მინიმუმ ერთი დოზით 30.1%-ია აცრილი, რომელიც რეგიონიდან შედარებით კარგი ეპიდსიტუაციით გამოირჩევა. საქართველოში ერთი დოზით აცრილთა წილი კი მოსახლეობის 10.5%-ია, ხოლო სომხეთში 4.1%-ს აღწევს.

ფიგურა 4: სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა (ას მოსახლეზე)
წყარო: Our Data in World

საერთო ჯამში, ივლისში კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია და აღდგენის მაღალი ტემპი მომდევნო პერიოდში შედარებით უკეთესი მდგომარეობის მოლოდინს ქმნის. ამ ეტაპისთვის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 2021 წლის ბიუჯეტი კი 4.3%-იანი ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, მაგრამ ივლისში ცვლილება განხორციელდა, სადაც ზრდის პროგნოზი 7.7%-მდეა გაზრდილი. ამ ფონზე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის 3.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო აზერბაიჯანში სავალუტო ფონდის პროგნოზით ეს ნიშნული 2.3%-ია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში ეკონომიკის აღდგენის გაცილებით უფროს სწრაფი ტემპია, ვიდრე ეს პროგნოზების გამოქვეყნების დროს იყო მოსალოდნელი.