მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (მაისი)

60ebe630a0d89
ეგნატე შამუგია
13.07.21 09:00
1755
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წელი მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო “დიდი შეზღუდვის” ეკონომიკურ კრიზისს რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს უკანასკნელი კი სომხეთსა და საქართველოში იყო, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. ცხადია, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება და მას შესაბამისი ეკონომიკური ფასიც გააჩნდა, რომელსაც მთლიანი მოსახლეობა იხდის, თუმცა ორივე ქვეყანაში კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, სომხეთში მიმდინარე წლის 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც კვლავ ნიკოლ პაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. საქართველოში კი რიგგარეშე არჩევნების დანიშნვა მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რადგან ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, თუკი მმართველმა პარტიამ 43.0%-ზე მეტი ვერ მიიღო, საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. სწორედ, შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევიდა ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში, რომელსაც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდა. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობა შედარებით შემცირებული იყო. შესაბამისად, მიმდინარე წლის დასაწყისიც რეგიონისთვის არასახარბიელო იყო, რასაც პანდემიით გამოწვეულ კრიზისს პოლიტიკური არასტაბილურობაც ემატებოდა, რომელსაც თავისი ეკონომიკური ფასი გააჩნია. პოლიტიკური არასტაბილურობა კი სომხეთსა და საქართველოში იყო, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

2021 წელის დასაწყისი კავკასიის ეკონომიკებისთვის არამხოლოდ ზემოთ ხსენებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო იყო რთული, არამედ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდვები გამკაცრდა. იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში მოქმედებდა. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 83.8-იან ნიშნულზე იყო [მაქსიმუმი 100], რაც მსოფლიოში რიგით მე-6 ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიციაა, მაგრამ თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის კლების მასშტაბზეც აისახა. თუკი იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით იყო შემცირებული, თებერვალში ამ ნიშნულმა 5.1% შეადგინა, ხოლო ორი თვის საშუალო კლება 8.3% იყო. რაც შეეხება მარტს, ამ პერიოდში შეზღუდვები არ შემსუბუქებულა და 64.81-იან ნიშნულზე იყო, ხოლო ეკონომიკის 4.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აპრილშიც შეზღუდვების მასშტაბი თითქმის იმავე ნიშნულზე იყო, მაგრამ ამ პერიოდში ეკონომიკა - 44.8%-ით, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 8.1%-ია, თუმცა გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტი. კერძოდ, 2019 წელს აპრილში ეკონომიკის კლება 16.6% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პანდემიამდე პერიოდის ანალოგიურ თვესთან მიმართებით, ზრდა 20.8%-ია. ზრდის მეორე ფაქტორი საბიუჯეტო ხარჯების ზრდაა. მიმდინარე წელის იანვარ-აპრილში მთავრობის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები (ვალდებულების გარეშე), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 877.7 მლნ ლარით მეტია, 5 059.5 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯები კი მთლიანი შიდა პროდუქტში აისახება.

საქართველოში შეზღუდვების მასშტაბურად პირველი ივნისიდან შემცირდა, როცა კომენდანტის საათი მოქმედება გაუქმდა. თუმცა, მაისის თვე მკაცრი შეზღუდვებით გამოირჩეოდა. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 25.8% -ით გაიზარდა. ეს კი, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის მაისთან შედარებით, 9.1%-იანი ზრდაა. სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, მაისის ზრდაშიც დადებითი წვლილი ყველა სექტორს გააჩნია, მაგრამ კონკრეტულ მაჩვენებლებს საქსტატი არ აქვეყნებს. კომპონენტების მხრივ კი, აღსანიშნავია ექსპორტის როლი, რომელიც იანვარ-მაისში 24.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, 4.3%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 11.5% შეადგინა, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში 4.5% კლებით იყო. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ზრდა არამხოლოდ გასულ წელთან, არამედ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთანაცაა, რადგან პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით, 5.5%-იანი ზრდაა.

მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონიდან არამხოლოდ საქართველოში არამედ სამეზობლოს ქვეყნებშიცაა. მიმდინარე წლის აპრილში სომხეთის ეკონომიკა 23.2%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 17.2%-იანი კლება იყო. ამდენად, 2019 წელთან შედარებით, აპრილში სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2.0%-ია. რაც შეეხება მაისს, აღნიშნულ პერიოდში სომხეთის ეკონომიკა 10.9%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 12.8%-ით იყო შემცირებული. საერთო ჯამში, იანვარ-მაისის მდგომარეობით სომხეთის ეკონომიკა 4.3%-ითაა გაზრდილი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთანაც შედარებით, 0.2%-იანი ზრდაა. სექტორული ჭრილში, პირველი ხუთი თვის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი მამოძრავებელი მშენებლობა იყო, რომელიც წინა წელთან შედარებით 14.3%-ითაა გაზრდილი.

მსგავსად საქართველოსი, მაისში, წინა პერიოდთან შედარებით, შეზღუდვები არც აზერბაიჯანში შემსუბუქებულა. პირიქით, მაისში შედარებით გამკაცრებული იყო, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უარყოფითი ეკონომიკური გავლენა აზერბაიჯანში შედარებით ნაკლებია, ვიდრე საქართველო და სომხეთში. ამის მიზეზი კი, ეკონომიკის სტრუქტურაა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ ეხება მომსახურების სფეროს, რომელიც საქართველოსა და სომხეთში დომინანტურია, ხოლო აზერბაიჯანში ეკონომიკის დიდი ნაწილი ნავთობინდუსტრიას უკავია. მაგალითად, გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათის 29.9% ნავთობინდუსტრიის წილი იყო. აღნიშნული კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 36.3%-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზე არსებითი გავლენა გააჩნია ნავთობის ფასებს და მოთხოვნას. მაისში ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა 68.0 დოლარი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 4.0 დოლარით მეტია, ხოლო გლობალურმა მოხმარებამ კი 96.2 მლნ ბარელი, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 11.9 მლნ ბარელით მეტი გასულ წელთან შედარებით, მაგრამ 3.7 მლნ ბარელით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის მაისში იყო. ამდენად, მაისში ნავთობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დადებითად აისახა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-აპრილში 0.2% იყო. 2021 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.3%-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. გასულ წელს ეკონომიკის 4.3%-იანი კლება იყო. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეს, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.9%-ით შემცირებულია.

ფიგურა 2: ეპიდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრე (მაქ. 100; მინ. 0.)
წყარო: The Oxford COVID-19 Government Response Tracker

როგორც ზემოთ ვახსენეთ, აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული, მაგრამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასის ზრდა არამხოლოდ ამ უკანასკნელზე არამედ მთლიანად რეგიონზეც აისახება, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებიც ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან. დანარჩენს კი სავაჭრო არხით გადაეცემა, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდროს სავაჭრო ურთიერთობებია. ამ კუთხით კი, წლის მეორე ნახევრისთვის გაუმჯობესებული მოლოდინებია. კერძოდ, აშშ-ს ენერგიის ინფორმაციის სააგენტოს პროგნოზით, 2020 წლის მეორე ნახევარში ბარელ ნავთობზე საშუალო ფასი 72.0 დოლარითაა პროგნოზირებული, ხოლო საშუალო დღიური მოხმარების ზრდა კი - 5.3 მლნ ბარელით. თავის მხრივ, ნავთობის ბაზრის მდგომარეობაც ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული, როგორც მთლიანად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 10 ივლისის მდგომარეობით, გლობალურად მოსახლეობის 25.2% მინიმუმ ერთი დოზით მაინც აცრილია, რაც წინა თვეს 20.3% იყო. საქართველოში ეს მაჩვენებელი 4.4%-ია, რაც პირველ ივნისს 2.8% იყო. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სომხეთში, სადაც ამ დროისთვის მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა წილი 6.0%-ია, რაც ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში 1.1% იყო. არსებითად განსხვავებული სურათია აზერბაიჯანში, რადგან 10 ივლისის მდგომარეობით მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა წილი 24.3%-ია, ხოლო სრულად ვაქცინირებულთა წილი კი - 15.9%-ს აღწევს, რაც საქართველოში მხოლოდ 2.9%-ია.

საერთო ჯამში, მაისში კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია და აღდგენის მაღალი ტემპი მომდევნო პერიოდში შედარებით უკეთესი მდგომარეობის მოლოდინს ქმნის. ამ ეტაპისთვის, მსოფლიო ბანკის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6.0%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 2021 წლის ბიუჯეტი კი 4.3%-იანი ზრდის პროგნოზითაა დაგეგმილი, მაგრამ მთავრობის მიერ პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ინიცირებულია, სადაც ზრდის პროგნოზი 7.7%-მდეა გაზრდილი. ამ ფონზე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის 3.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო აზერბაიჯანში ეს ნიშნული 2.8%-ია. თუმცა, სომხეთში ეკონომიკის აღდგენის გაცილებით უფროს სწრაფი ტემპია, ვიდრე ეს პროგნოზების გამოქვეყნების დროს იყო მოსალოდნელი.