მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (მარტი)

609558fd55086
ეგნატე შამუგია
08.05.21 15:00
1942
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის გასული წელი მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო “დიდი შეზღუდვის” ეკონომიკურ კრიზისს რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღეს - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს უკანასკნელი კი სომხეთსა და საქართველოში იყო, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. ცხადია, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება და მას შესაბამისი ეკონომიკური ფასი გააჩნია, რომელსაც მთლიანი მოსახლეობა იხდის, თუმცა ორივე ქვეყანაში კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, სომხეთში მიმდინარე წლის 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომლის ჩატარება საარჩევნო სისტემის ცვლილებით იგეგმება. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოშიცაა დაგეგმილი, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით, ოპოზიციის ერთ ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების კომპონენტია. აპრილში ოპოზიციის ნაწილმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა და ბოიკოტის რეჟიმიდან საპარლამენტო საქმიანობაზე გადაერთო, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ ბოიკოტის რეჟიმშია. ამდენად, კავკასიის რეგიონისთვის მიმდინარე წელიც რთულად დაიწყო. კონკრეტულად, სომხეთის და საქართველოს შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე. პოლიტიკურის კრიზისი კი ჯერ კიდევ არსებობს. განსაკუთრებით, საქართველოს შემთხვევაში.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

2021 წელის დასაწყისი კავკასიის ეკონომიკებისთვის არამხოლოდ ზემოთ ხსენებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო იყო რთული, არამედ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარეც, შეზღუდვები გამკაცრდა. იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში მოქმედებდა. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 83.8-იან ნიშნულზე იყო [მაქსიმუმი 100], რაც მსოფლიოში რიგით მე-6 ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიციაა, მაგრამ თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის კლების მასშტაბზეც აისახა. თუკი იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით იყო შემცირებული, თებერვალში ამ ნიშნულმა 5.1% შეადგინა, ხოლო ორი თვის საშუალო კლება 8.3% იყო. რაც შეეხება მარტს, ამ პერიოდში შეზღუდვები არ შემსუბუქებულა და 64.81-იან ნიშნულზე იყო, ხოლო ეკონომიკის 4.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამდენად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის კლება საშუალოდ 4.2% აღწევს. უშუალოდ მარტში ეკონომიკის ზრდა კი ნაწილობრივ საბაზისო ეფექტს უკავშირდება, რადგან საქართველოში „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისი სწორედ მარტში დაიწყო, როცა ეკონომიკის 2.7%-იანი კლება დაფიქსირდა, თუმცა მიმდინარე წლის მარტში კრიზისამდე პერიოდთან შედარებითაც ზრდაა. კერძოდ, 2021 წლის მარტში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდა 1.2%-ია.

მიმდინარე წელსაც ეკონომიკის კლებაში ძირითადი წვლილი მომსახურების სექტორს გააჩნია, რაზეც მაღალი გავლენა ტურიზმს აქვს და დაწესებული შეზღუდვები ყველაზე მძიმედ სწორედ მომსახურების სფეროებზე აისახება, თუმცა განსხვავებული სურათია აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში შეზღუდვები მარტის მეორე ნახევრიდან შედარებით გამკაცრდა და საქართველოში არსებულს აღემატებოდა, მას ეკონომიკაზე გაცილებით ნაკლები უარყოფითი შედეგია გააჩნია. მიზეზი კი, აზერბაიჯანის ეკონომიკის სტრუქტურაა, სადაც დომინანტი ნავთობინდუსტრიაა და არა მომსახურების სფერო. მაგალითად, გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათის 29.9% ნავთობინდუსტრიის წილი იყო. აღნიშნული კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 36.3%-ს აღწევს. ამავე პერიოდში კი, აზერბაიჯანის ეკონომიკა მხოლოდ 1.3%-ითაა შემცირებული, რაც იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, 3.2% იყო. ამ ქვეყნის შედარებით უკეთესი მდგომარეობა კი ნავთობის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, ნავთობპროდუქტების მოხმარების და ფასის ზრდას უკავშირდება. თუკი თებერვალში ბარელი ნედლი ნავთობის საშუალო ფასი 62.0 აშშ დოლარი იყო, მარტში ფასი 65.0 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 33.0 აშშ დოლარით მეტია. ნავთობპროდუქტების მოხმარება მარტის თვეში, თებერვალთან შედარებით, დღეში საშუალოდ 4.7 მლნ ბარელით იყო გაზრდილი. ცხადია, მარტში გაუმჯობესებული მდგომარეობა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, რასაც არაპირდაპირი გავლენა რეგიონზეც გააჩნია. განსხვავებით აზერბაიჯანისა, მიმდინარე წელს სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით არასახარბიელოა, მაგრამ შედარებით უკეთესი ვიდრე საქართველოში. 2021 წლის პირველი კვარტალში სომხეთის ეკონომიკა 2.0%-ითაა შემცირებული, რაც იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, 6.7% იყო, მაგრამ მარტში ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა. მხოლოდ მარტში სომხეთის ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა, მაგრამ აღნიშნულ ზრდის ნიშნულში საბაზისო ეფექტის როლი დიდია. 2020 წლის მარტში სომხეთის ეკონომიკა 4.9%-ით იყო შემცირებული, მაგრამ 2020 წლის პირველ კვარტალში 4.0%-ით გაიზარდა, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენდა. ამდენად, მიმდინარე წელი სომხეთისთვის შედარებით უკეთესად დაიწყო, ვიდრე საქართველოსთვის. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი იანვარში არსებული შეზღუდვების სიმკაცრე იყო, რითაც საქართველო მსოფლიოში რიგით მე-6 პოზიციას იკავებდა. ხოლო, ამ პერიოდში კი ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ფიგურა 2: ეპიდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრე (მაქ. 100; მინ. 0. )
წყარო: The Oxford COVID-19 Government Response Tracker

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ხელოვნური იმუნიზაციის - ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული, რაც კავკასიაში არც თუ ისე სახარბიელო ტემპით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობის, დაახლოებით, 9.8% მინიმუმ ერთი დოზით მაინც აცრილია, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი განვითარებადი ეკონომიკების ნიშნულებს რამდენჯერმე ჩამორჩება, ხოლო გლობალურ მაჩვენებელს კი 1.7 პ.პ.-ით აღემატება, რადგან გლობალურად, ამ ეტაპისთვის მოსახლეობის, დაახლოებით, 8.1%-ია მინიმუმ ერთი დოზით აცრილი. რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის მინიმუმ ერთი დოზით მაინც მოსახლეობის დაახლოებით 1.3%-ია აცრილი, რაც სომხეთის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებს, 0.02%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიმდინარეობს, შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაციაა, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კლებადია. საქართველოში კი მსგავსი ტენდენცია, ჯერჯერობით, არ არის. ამ ფონზე კი რეგიონში განუსაზღვრელობა კვლავ მაღალია. სწორედ, მაღალი განუსაზღვრელობის პირობებშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები მომზადებული. აღნიშნულის მიხედვით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რაც აზერბაიჯანი და სომხეთის შემთხვევაში 2.3% და 1.0%-ებია.