მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (ნოემბერი)

61d36f9143687
ეგნატე შამუგია
04.01.22 10:00
4125
პანდემიის პირველი წელი კავკასიის ეკონომიკებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. თუკი გლობალურად ქვეყნები „დიდი ჩაკეტვის“ ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს განიცდიდნენ, აღნიშნულს კავკასიაში რიგი უარყოფითი ფაქტორები დაემატა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი და დღემდე სასაზღვრო პერიმეტრში პერმანენტული ინციდენტები. თუკი აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ომის შემდეგ შიდა პოზიციები გაიუმჯობესა, სომხეთში ომის მძიმე შედეგები პოლიტიკური კრიზისი მიზეზი გახდა, რომელსაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა, თუმცა არჩევნები პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი დიდად არ აღმოჩნდა. საქართველოში კი პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი თავად არჩევნები გახდა. თავის მხრივ, პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკურ გარემოს აუარესებს და აქტივობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. საქართველო და სომხეთისთვის ამ მხრივ მდგომარეობა არც გასულ წელს იყო ბევრად უკეთესი, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავ მაღალ ნიშნულებზე იყო. საქართველო კი ახალ 2022 წელსაც მეტად დაძაბული და პოლარიზებული გარემოს პირობებში შეხვდა.
 
გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში ეკონომიკის აღდგენის ტემპი დაიწყო, თუმცა არც თუ ისე სახარბიელოდ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს 0.4%-ით გადააჭარბებს, რაც ეროვნულ დონეზე, მთავრობის და ცენტრალური ბანკის პროგნოზით მეტად ოპტიმისტური - 2.5% და 2.1% იქნება. გასულ წელს ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკის 10.0%-იან ზრდას, ხოლო მთავრობა 9.5%-იანს ვარაუდობს. შედარებით განსხვავებული და მეტად არასახარბიელო აღდგენის ტემპია სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ უკანასკნელში, არსებული პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის სრულად აღდგენა მოსალოდნელი არ არის. წლის ბოლოსთვის ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულზე 1.5%-ით ნაკლები იქნება. ეს მაჩვენებელი სომხეთისთვის 1.4%-ითაა ნავარაუდევი. 2021 წლისთვის ფონდის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკის 6.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რეგიონიდან 2020 წელს ყველაზე მძიმედ სწორედ სომხეთის ეკონომიკა დაზარალდა. 2020 წელს ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო საქართველო და აზერბაიჯანის კი - 6.8% და 4.3%-ებით. ამ უკანასკნელის კლების დაბალი ნიშნული კი დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურით იყო განპირობებული. კერძოდ, აზერბაიჯანის ეკონომიკაში მომსახურება და განსაკუთრებით ტურიზმი დომინანტური არ არის. მთავრობებს მიერ დაწესებული შეზღუდვების კი პირდაპირ მომსახურების სექტორებს შეეხო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეკონომიკის აღდგენის შედარებით მაღალი ტემპით საქართველო გამოირჩევა. გასული წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. 2020 წლის ნოემბერში ეკონომიკა 7.7%-ით იყო შემცირებული, რადგან რიგით მეორე მასშტაბური ჩაკეტვა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. ნოემბრის 12.0%-იანი ზრდის შემდეგ, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის ზრდის ნიშნული 10.4%-ია (თვეების მიხედვით საშუალო ზრდა 10.7%), რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 5.9%-იანი კლება იყო. ამდენად, ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის ნიშნულს საშუალოდ 3.9%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს პირველი ათი თვის მდგომარეობით, პანდემიამდე პერიოდს რეალური ეკონომიკის მოცულობა 4.9%-ით აღემატებოდა. ამდენად, ნოემბერში ეკონომიკის აღდგენის ტემპი შედარებით დაბალი იყო. აღდგენაში კი წამყვანი როლი მოხმარებას გააჩნია. მაგალითად, მეორე კვარტალში ეკონომიკის 29.9%-იან ზრდაში მოთხოვნის წვლილი 30.8 პ.პ. იყო, ხოლო უარყოფითი, 2.7 პ.პ.-იანი კონტრიბუცია წმინდა ექსპორტს გააჩნდა. სექტორული კუთხით, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეფასებაშია აღნიშნული, ნოემბერში ზრდა დამამუშავებელ მრეწველობის, ტრანსპორტის, ხელოვნება/დასვენების და საფინანსო დარგში შეინიშნებოდა.

ეკონომიკის გაცილებით დაბალი აღდგენის ტემპია აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ უკანასკნელის ეკონომიკა 2021 წლის ნოემბერში 13.2%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 10.3%-ით იყო შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2020 წელის ნოემბრის დასაწყისშიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. 2021 წელის იანვარ-ნოემბერში სომხეთის ეკონომიკა 5.2%-ითა გაზრდილი. 2020 წლის თერთმეტ თვეში 7.2% -იანი კლება იყო. ამდენად, ამ პერიოდისთვის ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს 2.4%-ით ჩამორჩება. ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს მცირედით, თუმცა 0.8%-ით აჭარბებს აზერბაიჯანში. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 4.3%-ით იყო შემცირებული. მიმდინარე პერიოდში ზრდის უფრო მაღალი ნიშნული ნავთობის და გაზის ინდუსტრიის მიღმაა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 6.4%-ია. 2020 წლის ამ პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობის და გაზის ინდუსტრიის გარეშე 2.9%-ით იყო შემცირებული. გასული წლის აზერბაიჯანის კლება დიდწილად სწორედ ნავთობის ბაზრის მკვეთრ ვარდნას უკავშირდებოდა.

საერთო ჯამში, ეკონომიკის აღდგენის ტემპით საქართველო შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. 2021 წლისთვის ეკონომიკის სრულად აღდგენა მხოლოდ საქართველოშია პროგნოზირებული. ეს პროგნოზები კი განუსაზღვრელობის მაღალი დონის პირობებშია მომზადებული, რაც ეპიდემიურ სიტუაციას და ვაქცინაციის ტემპს უკავშირდება. ამ მხრივ, სომხეთში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან წლის ბოლოს სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 23.3% იყო, რაც საქართველოში 28.9%-ია. რეგიონიდან გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც აცრები გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე, საქართველოსა და სომხეთში. დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანში სრულად აცრილი მოსახლეობის წილი 45.7% იყო, თუმცა წლის ბოლო პერიოდში კორონა ვირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ გამოჩნდა, რამაც ეკონომიკაში განუსაზღვრელობა გაზარდა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზები გააუარესა. ამდენად, მიმდინარე წელი როგორც გლობალურად, ასევე რეგიონშიც მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში დაიწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის ოქტომბრის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება, რაც სომხეთში 4.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანში 2.3%-ითაა ნავარაუდევი.