მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (სექტემბერი)

6181ae3fb2ca0
ეგნატე შამუგია
03.11.21 23:42
6624
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპი მკვეთრად ზრდადია, კავკასიის ეკონომიკებისთვის აღდგენის პროცესი საკმაოდ არასახარბიელოა. ეპიდსიტუაციის, ერთგვარად გასულ პერიოდში დაგროვილი მოთხოვნის და მოკლევადიან პერიოდში გავლენის მქონე აქტიური ფისკალური პოლიტიკის პირობებშიც კი, არსებული პროგნოზებით, კავკასიის ეკონომიკებიდან პანდემიამდე ნიშნულს აზერბაიჯანი და სომხეთი მიმდინარე წელს ვერ დაუბრუნდება, ხოლო საქართველოში რეალური ეკონომიკა მხოლოდ 1.0%-ით გადააჭარბებს.

აღნიშნულის მიზეზი არამხოლოდ პანდემიის გამო შექმნილი გაურკვევლობა, არამედ რეგიონში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობაა, რაც განუსაზღვრელობის მასშტაბებს კიდევ უფრო მეტად ზრდის და ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება. არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობით სომხეთი და საქართველო გამოირჩევა, რაც ორივე შემთხვევაში არჩევნებს უკავშირდება. 20 ივნისს სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ნიკოლ პაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, აღნიშნული მაინცდამაინც პოლიტიკური სტაბილურობის საშუალება არ აღმოჩნდა, რადგან პროცესები კვლავ დაძაბულია. ოპოზიცია თავიდან ბოიკოტს აცხადებდა, ხოლო პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა.

ხანგრძლივი ბოიკოტი საქართველოსთვისაც ნაცნობია. გასული წლის ნოემბერში გამართული არჩევნების შემდეგ, მომდევნო 6 თვე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, რამაც პოლიტიკური პროცესები პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადაიტანა. მოგვიანებით ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო, მაგრამ მალევე მდგომარეობა კვლავ დაიძაბა, რაც უკვე თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. სექტემბერი კი აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი იყო. ამ მხრივ, არც გასული წელი ყოფილა სახარბიელო. უფრო მეტიც, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა. ამ ფონზე, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რამაც წლის მანძილზე დასაქმებულთა რაოდენობის 54.1 ათასით (4.2%) კლება გამოიწვია.

ძირითადი დარტყმა მომსახურების სექტორზეა. განსაკუთრებით ეკონომიკის იმ დარგებზე, სადაც ტურიზმის პირდაპირი გავლენა მაღალია. მსგავსი სურათი იყო სომხეთშიც, რადგან ეს უკანასკნელიც მომსახურების სექტორის დომინანტობით გამორჩევა. 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა 7.5%-ით შემცირდა. ამ პერიოდში, აზერბაიჯანში შედარებით განსხვავებული სურათი იყო, რაც დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურას უკავშირდება. ამ ქვეყანაში მომსახურების წილი შედარებით დაბალია. ეკონომიკის დიდი ნაწილი, მთლიანი დოვლათის თითქმის 1/3 პირდაპირ ნავთობინდუსტრიაზე ნაწილდება. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში ნავთობის ბაზრის მდგომარეობის გაუმჯობესება ამ ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახა და წლიურმა კლებამ მხოლოდ 4.3% შეადგინა.
 
ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

როგორც აღვნიშნეთ, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკის აღდგენის ტემპი შედარებით მაღალია. ამდენად, მიმდინარე წელს, პანდემიამდე პერიოდში არსებულ ნიშნულამდე, ეკონომიკის დაბრუნებაა ნავარაუდევი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.3%-ია, ხოლო მესამე კვარტალის საშუალო ზრდამ 9.0% შეადგინა. აღნიშნული 2019 წელთან შედარებითაც ზრდაა, რადგან გასულ წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო კლება 5.0% იყო. შესაბამისად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.7%-ია.

ეკონომიკის აღდგენაში წამყვანი როლი მოხმარებას გააჩნია. მაგალითად, მეორე კვარტალში ეკონომიკის 29.9%-იან ზრდაში მოთხოვნის წვლილი 30.8 პ.პ. იყო, ხოლო უარყოფითი, 2.7 პ.პ.-იანი კონტრიბუცია წმინდა ექსპორტს გააჩნდა. თავის მხრივ, მოხმარების მაღალი კონტრიბუცია არამხოლოდ კერძოს, არამედ სამთავრობო დანახარჯებსაც უკავშირდება. სექტორულ ჭრილში კი, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა ძირითადად მომსახურების სფეროში დაფიქსირდა, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, კლება მშენებლობის დარგში იყო.

მსგავსად საქართველოსი, არც სომხეთშია მშენებლობის სექტორი სახარბიელო მდგომარეობაში, რადგან იანვარ-სექტემბერში დარგის ზრდა მხოლოდ 6.4%-ია, რაც საბაზისო ეფექტს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მკვეთრ კლებას უკავშირდება. 2020 წელის პირველ ცხრა თვეში სომხეთის ეკონომიკაში სწორედ მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა მაღალი, 15.7%-იანი კლება. ამდენად, აღნიშნული დარგი პანდემიამდე პერიოდს 10.3%-ით ჩამორჩება. შედარებისთვის, წლის პირველ ნახევარში საქართველოს მშენებლობის სექტორს რეალური ზრდა 9.6%-ია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15.3%-ით იყო შემცირებული. ამდენად, საქართველოში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სომხეთის მშენებლობის დარგში. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით სომხეთის ეკონომიკა 4.4%-ითაა გაზრდილი, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში 6.6%-ით იყო შემცირებული. შესაბამისად, არსებული დონე პანდემიამდე ნიშნულს 2.5%-ით ჩამორჩება, მაგრამ წლის ბოლო კვარტალისთვის ეკონომიკის აღდგენის შედარებით უკეთესი ტემპია მოსალოდნელი.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული, მაგრამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასის ზრდა არამხოლოდ ამ უკანასკნელზე, არამედ მთლიანად რეგიონზეც აისახება, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებიც ნავთობისა და გაზის წმინდა ექსპორტიორები არიან. დანარჩენს კი სავაჭრო არხით გადაეცემა, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებია. შესაბამისად, გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დარტყმა სწორედ „დიდი ჩაკეტვის“ შედეგად ნავთობი ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან მომდინარეობდა. 2020 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდა, რაც კავკასიაში ამ ქვეყნის შედარებით უკეთეს მდგომარეობაზე მიუთითებდა. მიმდინარე წელის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.8%-ითაა გაზრდილი, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 0.7%-იანი ზრდაა, რადგან გასული წლის პირველ ცხრა თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.9%-ით იყო შემცირებული. ზრდა კი უფრო მეტად არა - ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში აღნიშნული ინდუსტრიის გარეშე ეკონომიკის ზრდა 6.2%-ია, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.

ფიგურა 2: სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა (ას მოსახლეზე)
წყარო: Our Data in World

საერთო ჯამში კავკასიის ქვეყნებიდან ეკონომიკის აღდგენის ტემპით საქართველო გამოირჩევა, ხოლო შედარებით ცუდი მდგომარეობა სომხეთშია. ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს გაცდა, რაც აზერბაიჯანის შემთხვევაშიც მცირედით აღემატება. თუმცა, არსებული პროგნოზებით, წლიურ ჭრილში, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებზე ეკონომიკის აღდგენა მხოლოდ საქართველოშია მოსალოდნელი. თავის მხრივ, აღნიშნული პროგნოზებიც განუსაზღვრელობის მაღალი დონის პირობებშია, რაც ეპიდემიურ სიტუაციას და ვაქცინაციის ტემპს უკავშირდება. საბოლოოდ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სწორედ ხელოვნური იმუნიზაციის პროცესი თანმდევია. ამ მხრივ, სომხეთში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან ოქტომბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 7.1% იყო, რაც საქართველოში 22.8%-ია. მართალია, საქართველოში ვაქცინაციის დონე სომხეთთან შედარებით ბევრად მაღალია, მაგრამ განსაკუთრებით ოქტომბერში ტემპი მკვეთრად შემცირებული იყო. ამ მხრივ, გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც აცრები გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე, საქართველოსა და სომხეთში. ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანში სრულად აცრილი მოსახლეობის წილი 43.1% იყო. ეს კი არამხოლოდ ვაქცინაციის ადრე დაწყებას, არამედ შედარებით მაღალ ტემპსაც უკავშირდება. ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, მიმდინარე წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკის 3.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც საქართველოსთვის 7.7%-ია, ხოლო სომხეთში კი, 6.5%-ითაა ნავარაუდევი.