მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა - როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა?

5e2e844c2f28d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.20 10:37
1255
26 იანვრიდან, სომხეთმა, ჩინეთიდან ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტების და ჩინური ნედლეულისგან სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქტის იმპორტი აკრძალა.

ამის შესახებ განკარგულება სომხეთის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვალნელმა გუშინ გამოსცა.

როგორც მარეგულირებლის პრეს-სამსახური წერს, ეს ზომა სომხეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იქნა მიღებული. აკრძალვის საფუძვლად, ცხოველთა ჯანდაცვის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე ჩინური კორონავირუსის შესახებ განთავსებული ინფორმაცია სახელდება.

„აკრძალვა იმოქმედებს იქამდე, სანამ ჯანდაცვის და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები არ გაავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორონავირუსი აღარ არის“, - აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში პნევმონიის აფეთქება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი დღემდე უცნობი კორონავირუსი გახდა. დაავადების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, მალაიზიაში, აშშ-ში, ვიეტნამსა და სინგაპურში.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადებათა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, 26 იანვრისთვის, 2002-ს მიაღწია. დღემდე ვირუსით 56 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დასტურდება.