მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთმა რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა დაიწყო - RBC

6259239c42c1f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.22 11:54
1261
სომხეთმა რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა დაიწყო. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეროვნული ვალუტებისკენ უნდა ვიმოძრაოთ. რუსული მხარიდან ამ მიმართულებით წინსვლაა. როგორც ვიცი ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლში და შესაბამისი კურსით მოხდა“, - განუცხადა RBC-ს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

ქერობიანის თქმით, ფასთწარმოქმნა დოლარში ხდება, თუმცა გადახდა რუბლში ხორციელდება.

„სინამდვილეში სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება რამდენიმე წელია გაზის გადასახადის რუბლში გადახდის შესაძლებლობას იძლევა და ეს შესაძლებლობა გამოიყენება“, - ამის შესახებ RBC-ს „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განუმარტა.

გამოცემის ცნობით, „გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია. სომხეთის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი „გაზპრომ სომხეთი“ 100%-ით მისი შვილობილი კომპანიაა. სომხეთისთვის ბუნებრივი აირის საფასური ათას კუბურ მეტრზე 165 დოლარს შეადგენს. გასულ წელს „გაზპრომ სომხეთმა“ რუსეთში 414 მლნ დოლარის ღირებულების გაზი და 270 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები შეიძინა.

ცნობისთვის, მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსული გაზის რეალიზებისას ანგარიშსწორებას რუბლში ითვალისწინებს. თუმცა ეს შეზღუდვა მხოლოდ „არამეგობრულ“ ქვეყნებს, პირველ რიგში კი ევროკავშირის ქვეყნებს შეეხება, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ სანქციები აამოქმედეს. სომხეთი ამ სანქციებს შეუერთდა, თუმცა ჯერ კიდევ 23 მარტს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.