23.დეკემბერი .2019 21:45

სონღულაშვილი „რიყის დოქებზე“: დამოკიდებულება, რომ ღვინის მუზეუმი კონკრეტულ ადგილთან უნდა იყოს ბმაში, არ ვემხრობი

views 541
უკან

იმ დამოკიდებულებას, რომ ღვინის მუზეუმი რაიმე კონკრეტულ ადგილთან უნდა იყოს ბმაში, არ ვემხრობი, - ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განცხადა, რომელიც ღვინის მუზეუმის „რიყის დოქებში“ განთავსების იდეას ეხებოდა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, საქართველო არის ღვინის სამშობლო და ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყოს შესაფერისი.

"ღვინის მუზეუმთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იმისთვის რომ მუზეუმი იყოს ფუნქციური, უნდა იყოს აქტიური და აქედან გამომდინარე მინდა აღვნიშნო, რომ მთელი საქართველო არის ღვინის მუზეუმი, იმიტომ რომ დაწყებული 100-200-წლიანი მარნებით და ის რაც თითოეულ ოჯახში და მცირე მარნებში გვხვდება, ეს არის ფაქტობრივად მთელი ინვენტარი, რაც მუზეუმში უნდა იყოს გამოფენილი. აქედან გამომდინარე, ალბათ, უმჯობესი იქნება, ის ღვინის გზა და მცირე მარნები, რასაც აქტიურად ვლობირებთ და ვაკეთებ ამის პრომოუშენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გვქონდა ძალიან საინტერესო პროექტები, მომავალი წლიდანაც იქნება მცირე მარნების ხელშეწყობის პროგრამა - ეს არის ყველაზე სწორი და განვითარებული ქართული ღვინის მუზეუმის კონცეფცია. ეს მარნები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მუზეუმი იყოს აქტიური, ფუნქციური და განვითარებადი“, - ამბობს სონღულაშვილი.

BM.GE-ის კითვაზე ემხრობა თუ არა დეპუტატი აზრს, რომ მოხდეს მთელი საქართველოდან საჭირო ექსპონატების კონცენტრირება ერთ სივრცეში, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ეს ადგილი შეიძლება არ იყოს დედაქალაქი და იყოს რეგიონი.

„შეიძლება კონცენტრირება იმ ძალიან საინტერესო გამოფენის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა, როგორც ბორდოში, ტოკიოში და ა.შ., ასეთი ტიპის კონცეფცია შეიძლება იყოს სადმე გამოფენილი, მაგრამ იმის აუცილებლობა გინდა თუ არა დედაქალაქში იყოს და რაიმე კონკრეტულ ადგილას... ალბათ, უმჯობესი იქნება იყოს ეს მუზეუმი იქ, სადაც ცოცხლად ხდება ამის განვითარება, ეს არის ნებისმისერი ის რეგიონი, სადაც მეღვინეობის განვითარება ხდება და ალბათ სწორი იქნება, რომ ეს იყოს თუნდაც მეღვინეობის მუნიციპალიტეტში - გურჯაანში, სუბიექტური ვიქნები ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ დამოკიდებულებას, რომ რაიმე კონკრეტულ ადგილთან უნდა იყოს ბმაში, არ ვემხრობი, იმიტომ რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყოს შესაფერისი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რაც შეეხება, იმას რა ფუნქცია შეიძლება შეიძინოს ტურისტულად აქტიურ ადგილას მდგარმა ნაგებობამ - „რიყის დოქებმა“, პარლამენტის დეპუტატია ამბობს, რომ არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამის ფუნქციაზე და დატვირთვაზე იმსჯელებენ.

შეგახსნებთ, თბილისში, ევროპის მოედანზე, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ადგილას უკვე მეშვიდე წელია ე.წ. "რიყის დოქები" უფუნქციოდ დგას. რიყის პარკში მდებარე ნაგებობის აშენება 75 მლნ ლარი დაჯდა. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. 2016 წელს designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. "რიყის დოქები", მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა.