მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sooley & Co. - ღვინის ახალი ბრენდის ადგილობრივი და საექსპორტო გეგმები

637f612e0cec4
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.22 22:40
859
ერთი თვეა, რაც ღვინის სამშობლოში, ღვინის მწარმოებელი კომპანიებით გაჯერებულ ბაზარზე ახალი ბრენდი Sooley & Co. გამოჩნდა, რომლის დასახლებაც ქართულად ისე ჟღერს, როგორც „სულიკო“.

10 000 დოლარამდე ინვესტიციით კომპანია Sooley & Co.-მ და მისმა დამფუძნებლებმა ლევან ტურძელაძემ, ლევან ჩიკვაიძემ და გეგა წურწუმიამ, მომხმარებელს წინანდლის მიკროზონაში დამწიფებული რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ახალი ყურძნისგან ჯერ მხოლოდ 1 500 ბოთლში ჩამოსხმული 2 სახეობის ღვინო შესთავაზა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე BM.GE-ს კითხვას - რატომ გადაწყვიტეს პარტნიორებმა მაღალი კონკურენციის პირობებში ახალი ღვინო აუთსორსზე წარმოებით წარედგინათ ბაზარზე, ასე პასუხობს:

„ახალი პროდუქტის საწარმოებლად ორი მთავარი მიზეზი გვქონდა - დიდი ხანია ღვინის წარმოებაზე ვფიქრობთ და ზოგადად ახალი პროდუქტის განვითარება გვინდოდა; ღვინის ბაზრის მცირე კვლევა ჩავატარეთ რა შეიძლებოდა საინტერესო შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ღვინოს 60 წელს გადაცილებული პირები უფრო მოიხმარენ, ვიდრე ახალგაზრდები, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება აგვეთვისებინა და ღვინო მილენიალებისა და GenZ-სთვის საინტერესო გაგვეხადა და ამ კუთხით ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ღვინის არატრადიციულ, თუმცა სტრატეგიულ ბაზრებზე განსხვავებული, ფერადი პროდუქტით შევიდეთ. მივედით ასეთ მისიამდე რომ ქართული ღვინის გარშემო გავაერთიანოთ კრეატორების ჯგუფი, რომელიც ხელოვნებაში თავის პროდუქტს ქმნის და მათთვის გვეწარმოებინა თხევადი ინსპირაცია Sooley & Co.“ - განმარტა ლევან ჩიკვაიძემ.



დღეისთვის ახალი ღვინო აქტიურად მუშაობს ჰორეკა სექტორის ათვისებაზე და როგორც კომაპნიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, მოლაპარაკებები რითეილ სექტორთანაც დაწყებულია და მალე კონკრეტული შეთანხმებებიც იქნება მიღწეული.

„რადგან გათვლა ახალგაზრდა თაობისთვის ღვინის წარდგენაზე გვაქვს, ვეცადეთ რომ Sooley & Co.-ს ორივე სახეობის, კლასიკური წესით დაყენებული ღვინო ყოფილიყო მსუბუქი და რქაწითელს მინდვრის ყვავილების ტონები ჰქონოდა, წითელს კი ბლის და ჟოლოს ტონები აქვს. გაზაფხულიდან მესამე სახეობის - როზეს დამატებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს ჩიკვაიძე.



Sooley & Co.-ს შემქმნელებმა მისი ელექტრონული გზებით რეალიზების მიზნით ვებგვერდიც აამოქმედეს, რომელსაც გაყიდვის ფუნქციონალი სულ მალე დაემატება. ღვინის სარეალიზაციო ფასი დახლზე 22-25 ლარია და როგორც ლევან ჩიკვაიძე აღნიშნავს, მომხმარებელში, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია „სულიკომ“ დიდი ინტერესი უკვე დაიმსახურა.

ღვინის ახალი ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე ძალების მოსინჯვის შემდეგ პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს. „გვგონია რომ ჩვენთვის საინტერესო მიმართულება სამხრეთ კორეა და ჰონ-კონგია, რადგან ღვინო იქ ძალიან მოსწონთ, თუმცა ევროპის მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი საინტერესო ბაზარი იქნება, და გერმანია, რადგან ახალგაზრდობის დიდი ცენტრია და მათთვის ეს საინტერესო იქნება“, - უთხრა BM.GE-ს ლევან ჩიკვაიძემ.