მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: „ბიზნესსაც და იმ ადამიანებს, ვინც სამსახურის გარეშე რჩება აუცილებლად დასჭირდებათ გვერდში დგომა“

5fc26449420ca
BM.GE
28.11.20 20:20
1113

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ამ გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რანჟირება მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს შორის, ვის უფრო მეტად უჭირს ძალიან რთულია, რადგან სამწუხაროდ, მთლიანად ბიზნესია მძიმე მდგომარეობაში.

როგორც სოსო ფხაკაძემ, დიანა ტრაპაიძის გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა, ასოციაციაში გაწევრიანებულია ასეულობით კომპანია და ძირითადად ჰოლდინგური ჯგუფები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავენ 10, 20, თუ უფრო მეტ კომპანიას, და ამ კომპანიათა უმეტესობა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენენ.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რა მდგომარეობაშია როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინაიდან შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის და ბიზნესის პულსზე გვიდევს ხელი და ამ ტკივილს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ. მაგრამ ეპიდ. სიტუაცია, რომელიც დღეს არის საქართველოში საკმაოდ მძიმეა და თუ ამ შექმნილ კონიუქტურაში სასწორის ერთ მხარეს დევს ადამიანების სიცოცხლე, ძალიან რთულია ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები არ მიიღო ეპიდ. სიტუაციის გათვალისწინებითა და მასზე დაყრდნობით. 

ამასთან, ის შეღავათები, რაც სახელმწიფოს მხრიდან გაცხადდა, იყო ძალიან ღირებული და მისასალმებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ არ იქნება საჭირო მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარება. ჩვენ, ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბიზნესის ადვოკატირებას და შექმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე ჩვენი წევრების პრობლემებს, როგორც აქამდე,  აუცილებლად მივიტანთ ხელისუფლებასთან. დღეს ხელისუფლებამ დაინახა მხოლოდ ის მინიმუმი, რაც არის გასაკეთებელი, თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ მომდევნო თვეებში ბიზნესს დამატებითი დახმარება არ დასჭირდება. ბიზნესს დასჭირდება გვერდში დგომა, და ასევე თანადგომა სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც სამსახურის გარეშე რჩება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქარტეხილიდან ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამოვა და შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას, მაგრამ იმ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვისაც ეხლა დავკარგავთ ამის “აღდგენა” სამწუხაროდ ვეღარ მოხდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, არის გასათვალისწინებელი “ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.