მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: კომერციულ დავებში სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხთან დაკავშირებით კითხვებია

5f92e436d00d4
BM.GE
23.10.20 18:27
752
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მიერ გამოქვეყნებული ინდექსის თანახმად, ქვეყნის სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მიმართულებით არის შესაძლებელი ნაბიჯების გადადგმა. მათ შორისაა ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა სასამართლო პროცედურების გამარტივება, დავის განხილვის ვადების შემჭიდროვება, მიუკერძოებლობის ხარისხის ზრდა და სხვა. 

BAG-ის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, ქვეყნის კერძო სექტორის მოსაზრებები სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მთავრობისა და მომავალი პარლამენტისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა გახდეს. 

"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა გადამწყვეტიც შეიძლება იყოს ბიზნეს ოპერატორების საინვესტიციო აქტივობის ზრდისათვის. ის, რომ სასამართლოში განხილვის ვადებთან და ბიზნეს დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხთან დაკავშირებით ბიზნესში არსებობს კითხვის ნიშნები ამაზე ჩვენ უკანასკნელი წლებია აქტიურად ვსაუბრობთ.

ამასთან, ჩვენ მივესალმებით იმ რეფორმასაც, რომელიც კომერციული დავებისთვის ცალკე მოსამართლის გამოყოფას გულისხმობდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა.

სწორედ ეს შედეგი აისახა ჩვენი ასოციაციის BAG ინდექსის კვლევაშიც, რომლის წარმოებაც ჩვენ 2019 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ და რომელიც ძალიან კარგად ასახავს ბიზნესის მოსაზრებებს, განწყობებს და ხედვებს სხვადასვა თემატიკის მქონე საკითხებზე.

ამჯერად, გავითვალისწინეთ ჩვენი ასოციაციის წევრების თხოვნა და BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევაში საკვლევ საკითხთა სიაში შევიტანეთ კითხვები სასამართლოს ეფექტიანობის, მისადმი ნდობისა და, წევრების აზრით, ამ მიმართულებით დროულად მოსაგვარებელი პრობლემატური საკითხების შესახებ.

შესაბამისად, კვლევის შედეგად მიღებული ბიზნესის მოსაზრებები უნდა გახდეს მომავალ პარლამენტთან, მთავრობასთან და იუსტიციის საბჭოსთან დისკუსიის კარგი სახელმძღვანელო დოკუმენტი. დარწმუნებული ვართ, რომ ლიბერალურ საგადასახადო გარემოსთან ერთად ეფექტიანი სასამართლო სისტემა გახდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კარგი წინაპირობა. ამიტომაც, ჩვენ, როგორც უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, ბუნებრივია, დაინტერესებული და მოწოდებული ვართ, დროულად დავიწყოთ დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც, ერთის მხრივ, მოგცემს ეფექტიან შედეგს როგორც სასამართლოში განხილვების ვადების შემჭიდროვების კუთხით,

ასევე, გაზრდის სასამართლოსადმი ბიზნესის ნდობას და აამაღლებს მიღებულ გადაწყვეტილებათა ხარისხს", - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.