მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე პერსპექტიული ინვესტორებიც აკვირდებიან

602ea1e409438
BM.GE
18.02.21 21:14
1818
„არასტაბილური კონიუქტურა, ბუნებრივია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე, ბიზნესის განწყობებზე და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი, პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს და საფუძველს უქმნის სტაბილურად განვითარებას,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

“აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან არამხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე პერსპექტიული ინვესტორებიც, რომელთა ჩართულობის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემოსვლა. შესაბამისად, ბიზნესისთვის დღეს, როგორც არასდროს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, მნიშვნელოვანია სტაბილურობა და რისკების მინიმიზება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის თანამშრომლობდა და თანამშრომლობს როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმ მიზნით, რომ იტვირთოს ერთგვარი პარტნიორისა და შუამავლის ფუნქცია სახელისუფლო შტოებსა და ბიზნეს ოპერატორებს შორის. მსგავსი სულისკვეთებით ვთანამშრომლობდით ყოფილ პრემიერთან, როგორც მთავრობის მეთაურთან და დარწმუნებული ვართ, იგივე კონსტრუქციულ ფორმატში განვაგრძობთ ურთიერთობას საქართველოს ახალ მთავრობასთან, რომელსაც რაც შეიძლება მალე უნდა გამოუცხადოს ნდობა საქართველოს პარლამენტმა.

ამასთან, ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის ურთიერთობისას დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ პროცესში ჩართული ყოველი მხარე სახელმწიფო ინტერესებს ყველაზე მაღლა დააყენებს და საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ სტაბილურ გარემოს, რომელიც აუცილებელია პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის დროული დაძლევისათვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ძლიერი ბიზნესი არის ძლიერი ეკონომიკის შექმნის საწინდარი, ხოლო ძლიერი ეკონომიკა კი არის ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი,” - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.