12.ნოემბერი .2019 14:55

სოსო ფხაკაძე შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების რისკებზე კიდევ ერთხელ საუბრობს

views 1181
უკან


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ამ ეტაპზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია, ვინაიდან არღვევს ბალანსს და გაუმართლებლად ერევა ბიზნესის საქმიანობაში.

სოსო ფხაკაძეს მიაჩნია, რომ ასეთმა ჩარევამ შესაძლოა დღეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო საგრძნობლად დააზიანოს.

„შეიძლება ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის: დღეს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი; ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირება; მინიმალური ხელფასის შემოღება; ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების წესში ცვლილებები; შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება და სხვა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორიდან, თავიანთი დარგის ლიდერებს წარმოადგენენ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებენ და ორასი ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელონ მოსალოდნელი ცვლილებების ავკარგიანობაზე და შედეგებზე, როგორც დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის, ასევე საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებისათვის“, - ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა