მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს შეხვდა

6048f10dc78f9
BM.GE
10.03.21 20:38
821
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს მათივე თხოვნით შეხვდა.

ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები კანონმდებლებისგან გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს რამდენიმე წლის წინათ მიღებული მთავრობის დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახერხი საამქროების ვიდეო მონიტორინგის სისტემით აღჭურვასაც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში რაც აღრიცხვიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით განხორციელდა, არის ძალიან კარგი, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც მათი აზრით სჭირდება გარკვეული დახვეწა, ხოლო ზოგიერთი რეგულაციის მინიმუმ გადადებას ითხოვენ იმიტომ, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და, შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთად დააწვებათ. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმება იქნებოდა უფრო უპრიანი.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებთან - ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი - ვიმუშაოთ, რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და, შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს რეგულაციები მძიმე ტვირთი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

მეწარმეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და ანზორ ბოლქვაძე, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები.