მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ აცრილ ან/და გატესტილ სტუმრებს ვმასპინძლობთ - „ტავერნა თბილისი“ ესტონეთში

616fba381a6bf
მარიამ ვარადაშვილი
20.10.21 15:38
1329
მამუკელ გორელაშვილი ესტონეთში ქართული რესტორნის - “ტავერნა თბილისის” დამფუძნებელია. როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში თქვა, მხოლოდ აცრილ ან სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მომხმარებელს ემსახურებიან. აღსანიშნია, რომ ამას არა - საკუთარი ინიციატივით, არამედ სახელმწიფოს დირექტივით აკეთებს. მამუკელ გორელაშვილი გვიყვება, რომ აუცრელი ან/და გაუტესტავი მომხმარებლის მომსახურების შემთხვევაში ჯარიმდება როგორც მიმტანი, ასევე - კვების ობიექტი.

“მოქალაქეებს კონოთეატრებში, რესტორნებში, კაფე-ბარებში, თეატრებში, სამუსიკო და სპორტულ დარბაზებში იმ შემთხვევაში უშვებენ თუ სრულად აცრილები არიან, ხოლო თუ აცრილები არ არიან, მაშინ PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ, რომელიც ადგილზევე კეთდება და 3-6 ევრომდე ღირს;

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მსგავსი განკარგულება მივიღეთ, ვუშვებთ მათ, ვისაც ტესტი ან ვაქცინა აქვს ჩატარებული. ასევე, ვთავაზობთ, ადგილზე გაიკეთონ ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვემსახურებით. ჯარიმა ძალიან დიდია - თუ მიმტანმა შემოუშვა აუცრელი ან გაუტესტავი ადამიანი და მოემსახურა, თავად მიმტანი - 500 ევროთი, ხოლო კვების ობიექტი 13 ათასი ევროთი ჯარიმდება“, - განაცხადა “ტავერნა თბილისის” დამფუძნებელმა და დასძინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ, რამდენიმე თვის წინ, ინფიცირებულთა გაზრდილი ოდენობიდან გამომდინარე მიიღო.



"ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რა თქმა უნდა, მომხმარებლის რიცხვმა შედარებით იკლო იმასთან შედარებით, ვიდრე რეგულაციებამდე გვყავდა, თუმცა არის მეორე მომენტიც - მანამდე ხალხს უფრო ეშინოდა, რადგან არ იცოდნენ, კვების ობიექტში ინფიცირებული ადამიანი დახვდებოდათ თუ - არა. შესაბამისად, უფრო უჭირდათ მოსვლა. ახლა კი, რადგან აკრძალულია ვაქცინა/ტესტის გარეშე სტუმრის შემოშვება, უკვე თამამად შემოდიან, ვინაიდან თავს უფრო დაცულად გრძნობენ“, - ამბობს მამუკელ გორელაშვილი.