მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SPAR-ი ყაზახეთის ბაზარზე შედის

631b009189826
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.22 14:10
1320
ჰოლანდიური კომპანია SPAR-ი, რომელიც სუპერმარკეტებზე სპეციალიზირდება, ყაზახეთის ბაზარზე შედის. აღნიშნული ინფორმაცია ალმატაში გარე სარეკლამო ბანერებზეა განთავსებული. წერს Forbes-ის ყაზახური გამოცემა.

კომპანიის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ქსელმა ყაზახეთში ბრენდის მართვაზე ლიცენზია კომპანია „სკიფ ტრეიდს“ მიანიჭა, რომელიც თავის მხრივ ყაზახეთში მაღაზიათა ქსელ Small-ს მართავს.

„ლიცენზია 2022 წლის პირველი იანვრიდან გაიცა. ჯგუფი ქვეყანაში საცალო და სადისტრიბუციო ქსელს მართავს. SPAR-ის პირველი მაღაზიები ყაზახეთში 2022 წელს გაიხსნება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ქსელის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყაზახეთში SPAR-ის ამოქმედებით კომპანია ცენტრალურ აზიაში პოზიციების გამყარებას გეგმავს. „ჩვენ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში ამ რეგიონში შემდგომ განვითარებას ვპროგნოზირებთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნია, რომ ყაზახეთის ბაზარზე შესვლის შესახებ SPAR-ი ჯერ კიდევ 2015 წელს Asian Business Summit Retail & Distribution 2015-ში მონაწილეობისას აცხადებდა.

SPAR-ი 1932 წელს დაფუძნდა. დღეს SPAR International-ი თავისი ბრენდის ქვეშ 46 ქვეყანაში 13 600 მაღაზიას აერთიანებს. 2021 წელს ქსელის ჯამური გაყიდვები 41 მლრდ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება ყაზახური სუპერმარკეტების ქსელ Small-ს, ყაზახური Forbes-ის ცნობით, ის ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს. კომპანიის განცხადებით, მაღაზიათა ქსელს თვეში 4 მლნ ადამიანი სტუმრობს. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 100 მაღაზია და 8 000 თანამშრომელი ჰყავს.