მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალურმა კომისიამ „განახლებული რეგიონები“ პროგრამის ფარგლებში რუსთავში 2 მდებარეობა შეარჩია

609d1b7929137
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 17:58
601
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის მდებარეობებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სპეციალური კომისია დღეს შეარჩევს.

კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, 7 მუნიციპალიტეტის წარდგენილი წინადადებებიდან, ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მოედნის ურბანული განახლება უკვე გადაწყდა, პროექტების/ესკიზების წარმოდგენა კი გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს 2 რეგიონში - კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისათვის ტენდერები მიმდინარე კვირას გამოცხადდა. ტენდერების შედეგად, საპროექტო და სამშენებლო კომპანიები გამოვლინდებიან, რომლებიც სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს მოამზადებენ და ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებენ.

ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. პროექტები როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.