24.იანვარი .2023 11:44

სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტით $1 მლრდ მივიღეთ - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტით $1 მლრდ მივიღეთ - სად ვყიდულობთ და ვყიდით?
views 1405
უკან

2020 წლიდან საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლის წილი ექსპორტის კალათაში მნიშვნელოვანია. 

2022 წელს, ჯამური ექსპორტი სულ 5.5 მლრდ დოლარი იყო, აქედან 1.024 მლრდ დოლარი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა. თანხა სრულად ადგილობრივი ექსპორტის კატეგორიაში ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ადგილზე მოპოვებულ მადანთან ერთად, იმპორტით შემოტანილი სპილენძის ნედლეულის გადამუშავება და დამატებული ღირებულების შექმნაც ხდება, რის გამოც ეს საქონელი არა რეექსპორტის, არამედ ექსპორტის კატეგორიაში აღირიცხება. 

BMG დაინტერესდა საიდან შემოდის და სად იყიდება ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი.

„საქსტატის მონაცემებით“, 2022 წელს, საქართველოდან ექსპორტზე 437,887.81 ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა. ჯამური ღირებულება რეკორდული იყო -  1.024 მლრდ დოლარი. წლიურად ზრდა 26%-ია. ამ სასაქონლო ჯგუფს კი, საექსპორტო კალათაში 18%-იანი წილი ეჭირა. 

ექსპორტის 57% ჩინეთზე მოდის. ამ ქვეყანაში საქართველოდან 582.6 მლნ დოლარის 251 639.9 ტონა სპილენძი გავიდა.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები ყველაზე მსხვილი სასაქონლო ჯგუფია ევროკავშირის ბაზარზეც. 2022 წელს აქ 437.8 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოხდა, უდიდესი წილის ბულგარეთში.

სპილენძის მადნების და კონცენტრატების საექსპორტო ბაზრები:

• ჩინეთი - 582.62 მლნ დოლარი
• ბულგარეთი - 401.17 მლნ დოლარი
• ესპანეთი - 36.6 მლნ დოლარი
• კორეა - 3.8 მლნ დოლარი

საინტერესოა, რომ იმპორტშიც ტოპ-3 პროდუქტს შორისაა სპილენძი. 2022 წელს საქართველოში იმპორტით 775.3 მლნ დოლარის სპილენძის მადნები და კონცენტრატები შემოვიდა. წლიურად ზრდა 5.3% იყო. იმპორტის 53% კი, სომხეთიდან განხორციელდა, სადაც ოქროსა და სპილენძის საბადოებია.  

საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ბაზრები ასე გამოიყურება:

• სომხეთი - 403.09 მლნ დოლარი
• ჩილე - 139.67 მლნ დოლარი
• ინდონეზია - 81.9 მლნ დოლარი
• სერბეთი - 68.99 მლნ დოლარი
• ბრაზილია - 42.38 მლნ დოლარი
• მონტენეგრო - 17.4 მლნ დოლარი
• თურქეთი - 9.77 მლნ დოლარი
• აზერბაიჯანი - 5.86 მლნ დოლარი
• ალბანეთი - 4.3 მლნ დოლარი
• ლუქსემბურგი - 1.84 მლნ დოლარი

საქართველოში ოქროს და სპილენძს RMG მოიპოვებს. ჩვეულებრივ, სპილენძის შემცველი მადნის მოპოვება ხდება მიწისქვეშა ან ღია წესით. შემდეგ მოპოვებული მადანი იმსხვრევა, იფქვება და ტექნოლოგიური გამდიდრების შემდეგ გარდაიქმნება კონცენტრატად. სპილენძი ასევე შეიძლება გამოიტუტოს მადნიდან.

სპილენძი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა და დღესაც ფართო მოხმარების ნედლეულს წარმოადგენს. სპილენძი ფართოდ გამოიყენება საშინაო, სამრეწველო და მაღალ-ტექნოლოგიურ სისტემებში, მათ შორის: სამონტაჟო მავთულებში, ელექტროგადამცემებში, გათბობის, გაციებისა და ჰაერის კონდიცირებაში, ელექტრონულ სქემებში, სანტექნიკაში, საავტომობილო ნაწილებში, მონეტებში და სხვა.