მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტულ ფედერაციებში მაღალია არამიზნობრივი ხარჯის რისკები - IDFI-ის კვლევა

614c644c574db
ინგა მურუსიძე
23.09.21 15:22
797
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ეროვნული ფედერაციების მიერ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხების განკარგვის შესახებ.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ კვლევაში წარმოდგენილია 70-მდე სპორტული ორგანიზაციის (ფედერაციები, რამდენიმე სპორტული კლუბი და სპორტული ასოციაცია) ხარჯების ანალიზი.

კვლევის თანახმად, საქართველოს სპორტული ფედერაციების 2019 წლისა და 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 145.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საიდანაც 91 მლნ ლარზე მეტი 2019 წელს, ხოლო 55 მლნ ლარამდე 2020 წელს დაიხარჯა.

ყველაზე დიდი თანხა ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და მსგავსი სახის აქტივობებში დაიხარჯა და 33 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გადარიცხული თანხებიდან ფედერაციებმა სამინისტროს ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის ათვისება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ფედერაციების მიხედვით აღნიშნული თანხების გადანაწილებას, ლიდერობს საქართველოს რაგბის კავშირი, რომლის დაფინანსებამაც ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შემდეგი ორი ფედერაცია, რომლებიც ყველაზე მაღალი დაფინანსებით გამოირჩევიან, კალათბურთისა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციებია.

რაც შეეხება 2020 წლის ხარჯებს, IDFI-ს კვლევის თანახმად, ოქტომბრის ჩათვლით, მონაცემების ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ ყველაზე დიდი ხარჯი 13.4 მილიონ ლარამდე ხელფასებისა და სხვადასხვა მომსახურების ანაზღაურებაშია გადახდილი. მოცემულ საანგარიშო წელს მკვეთრადაა შემცირებული (23,5 მლნ ლარით) ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობისა და მათი გამართვის ხარჯები. აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალი კორონავირუსის გავრცელებას, რამაც 2020 წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიების გაუქმება თუ დროებით გადაწევა გამოიწვია. ამასთან, ხარჯის შედარებით მცირე მაჩვენებელი გამოწვეულია არასრული მონაცემითაც, რადგან 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხარჯები ანალიზში გათვალისწინებული არ არის.

2019 წლის მსგავსად, ყველაზე მაღალხარჯიან ფედერაციად კვლავ საქართველოს რაგბის კავშირი რჩება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მისი ხარჯები დაახლოებით 3 მლნ ლარითაა შემცირებული. თითქმის ორჯერ დაიკლო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებმაც.

მიუხედავად ინფორმაციის გამოთხოვისა, IDFI-მ სრულყოფილი მასალები ვერ მიიღო, ამიტომ ბევრწილად, კვლევა აუდიტის სამსახურის უკვე გამოქვეყნებულ დასკვნებს ეხება.

საბოლოოდ, ორგანიზაცია ასკვნის, რომ სპორტულ ფედერაციებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასშტაბური თანხები იხარჯება.

„წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითა თუ აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ცხადად იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები და რიგ შემთხვევებში მსგავსი პრაქტიკა.

ფედერაციებში სუსტია როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის მექანიზმები. სამინისტრო ვერ ახერხებს გადარიცხული თანხების ხარჯვის შემოწმებას. ფედერაციებზე არ ვრცელდება შესყიდვების კანონმდებლობა, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.

აღნიშნული ასუსტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მათი ფინანსებისა და კორუფციული რისკების მონიტორინგის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა მიმდინარე წელს ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციების მიმართ დაისმებოდა გარკვეული კითხვები და დაინერგებოდა ანტიკორუფციული მექანიზმები, 2021 წლის მარტიდან თავად სამინისტრომაც დანერგა ფედერაციების შესახებ საჯარო ინფორმაციის დახურვის პრაქტიკა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

IDFI მოუწოდებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უზრუნველყოს სპორტულ ფედერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა, დროულად დაიწყოს ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვის პროცესი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

იხილეთ კვლევა ვრცლად: