13.იანვარი .2021 19:00

„სპუტნიკ V” მსოფლიოში საუკეთესოა” - 18 იანვრიდან რუსეთში მასშტაბური ვაქცინაცია იწყება

„სპუტნიკ V” მსოფლიოში საუკეთესოა” - 18 იანვრიდან რუსეთში მასშტაბური ვაქცინაცია იწყება
views 884
უკან

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. აღნიშნული განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას გასცა.

„გთხოვთ, მომავალი კვირიდან მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი დაიწყოთ და ჩასატარებელი სამუშაობის შესაბამისი გრაფიკი შეიმუშაოთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით კი, ქვეყანა 18 იანვრიდან ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად მზადაა, ხოლო აცრების გრაფიკის შესახებ დეტალები ხვალ საკოორდინაციო შეხვედრაზე რეგიონებთან შეთანხმებით გაიწერება. მისივე ინფორმაციით, რუსეთში დღეისთვის 1 331 ვაქცინაციის პუნქტი მოქმედებს და ეს რიცხვი გაიზრდება. გარდა ამისა, იანვრის ბოლომდე საზოგადოებრივ მიმოქცევაში რუსული წარმოების „სპუტნიკ V”-ის ვაქცინის 2.1 მლნ დოზა იქნება ხელმისაწვდომი.

რუსეთის პრეზიდენტმა რუსული წარმოების ვაქცინას მსოფლიოში საუკუთესო უწოდა, რამეთუ მას ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

„რუსული ვაქცინის უსაფრთხოებაზე ადრეც გვისაუბრია, ახლა კი ეს პრაქტიკულადაც დადასტურდა - მიმაჩნია, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. ამ სახის არც ერთი სხვა პრეპარატი დაცვისა და უსაფრთხოების ასეთ დონეს არ აჩვენებენ. ეს უთუოდ ჩვენი სპეციალისტების და მეცნიერების წარმატებაზე მიუთითებს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსული გამოცემა vedomosti.ru იუწყება, რომ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა პუტინის განკარგულებით დეკემბერში დაიწყო. აცრის გაკეთება პირველ ეტაპზე ექიმებს, მასწავლებლებსა და სოცმუშაკებს შეეძლოთ. ეტაპობრივად კი, პროცესი მოსახლეობის დანარჩენ ჯგუფებზეც უნდა გავრცელებულიყო. რუსეთში აცრილი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. იანვრის დასაწყისში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსის ვაქცინით 800 000 ადამიანი იყო აცრილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში ვაქცინა „სპუტნიკ V” სხვა ქვეყნებზე ადრე, 11 აგვისტოს დარეგისტრირდა. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიური კვლებების ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, რომ ვაქცინა დაავადების შემთხვევაში 91.4%-ით ეფეტური იყო, კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევაში კი, ეფექტურობა 100% იყო.