15.სექტემბერი .2021 18:20

სქემა, რომლითაც მერიამ "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი ობიექტებით კომპანიები დააინტერესა

სქემა, რომლითაც მერიამ "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი ობიექტებით კომპანიები დააინტერესა
views 697
უკან

“ცენტრ პოინტის” დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. „მინდა, სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია“, - თქვა კახა კალაძემ. მერი ირწმუნება, რომ ყველა ობიექტისთვის გადაწყვეტის გზები გამონახულია და თბილისის მთავრობა კი იმის გარანტია, რომ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები დათქმულ ვადებში ჩაბარდება.

დაზარალებულების პრობლემის მოგვარებასთან ერთად, Bm.ge-ის პროფილიდან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ შეძლო თბილისის მერიამ კომპანიების დაინტერესება და ხომ არ იხარჯება დედაქალაქის ბიუჯეტის ფინანსური რესურსი - მთავარ კითხვებზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა გვიპასუხა.

საქმე ის არის, რომ თბილისის მერიამ იმ ობიექტებზე, სადაც ამის საშუალება იყო, სამშენებლო კომპანიებს, გამონაკლისის სახით, K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება მისცა, მათ კი სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადეს. შედეგად, ამ გზით მობილიზებული ფინანსური რესურსი სპეციალურად აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შექმნილ ფონდში გადაირიცხა.

როგორც ილია ელოშვილი განმარტავს, სწორედ ამ ფონდის ფინანსურ სახსრებს ხარჯავს მერია იმ დაუსრულებელი ობიექტებისთვის, სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები იყო დარჩენილი და შესაბამისად, K2 კოეფიციენტის გაზრდა შეუძლებელი იყო.

„ცენტრ პოინტის“ შენობების 2/3 არის სარემონტო ანუ ნახევრად დასრულებულ მდგომარეობაში. შესაბამისად, იქ რაიმე ფართების დამატებაზე საუბარი შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, სარემონტო სამუშაოები მერიას ჩაეტარებინა და ამ ობიექტებისთვის საბოლოო სახე მიეცა. არ გვინდოდა თანხები ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო, ამიტომ გამონაკლისის სახით იმ ობიექტებზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა K2 კოეფიციენტების დამატება, გავყიდეთ და აქედან მიღებული თანხები მთლიანად სპეციალურ ფონდში მიიმართა.

ამ სპეციალური ანგარიშიდან 9 მლნ ლარი უკვე დახარჯულია, 15 მლნ ლარია მობილიზებული და არსებობს კიდევ „ცენტრ პოინტის“ ობიექტი, რომელიც „აჭარა ჯგუფმა“ შეიძინა და 18 მლნ ლარს ეტაპობრივად შემოიტანს. ჯამში, ვფიქრობთ, 40-45 მლნ ლარის მობილიზება მოხდება ანუ ამ ორი წყაროდან, K2-დან და „აჭარა ჯგუფის“ მიერ შემოტანილი თანხიდან უნდა მოხდეს მისი დაფინანსება“, - განმარტა ილია ელოშვილმა.

გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილის თქმით, "მუშაობს ძალიან სერიოზული ფინანსური პაკეტი, როგორიც არის დღგ-ისგან გათავისუფლება და ასევე მოსაკრებლისგან გათავისუფლება, რათა მიგვეღო მაქსიმალურად ურბანულად ძალიან კარგი პროექტები". 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა