მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სრულად აცრილებისთვის ბიზნესის მხრიდან ბენეფიტების შემუშავებაზე ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა“

60d9be417001b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.21 21:30
813
საქართველოს მთავრობა 2021 წლის ივლისის პირველ კვირაში სრულად აცრილი მოსახლეობისთვის კოვიდ-შეღავათებზე მუშაობის დასრულებას და პირველადი სახით მათ წარდგენას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, შეღავათები შეეხება კომპანიების მიერ თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მოხსნას და ბიზნესის მხრიდან გარკვეული ფასდაკლებების შეთავაზებას. თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

დეტალების გარკვევა - რა შეღავათებზე შეიძლება ისარგებლონ კერძო სექტორის მხრიდან სრულად აცრილმა მოქალაქეებმა და დასაქმებულებმა, BM.GE-მ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან და რესტორან „სტეიკჰაუსის“ მფლობელთან შოთა ბურჯანაძესთან სცადა.

მისი განმარტებით, ბიზნესის მხრიდან სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბენეფიტების“ შეთავაზების ინიციატივა მან ეკონომიკის მინისტრთან სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დროს, ტურიზმის ინდუსტრიის ვაქცინაციის დაწყებამდე გააჟღერა, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა მოიწონეს. თუმცა რესტორატორი ამ საკითხთან მიმართებით სკეპტიკურად არის განწყობილი და აცხადებს:

„შესაძლოა სრულად აცრილებისთვის ბენეფიტების შემუშავებაზე მუშაობენ, თუმცა რაც ამ საკითხის ინიცირება მოვახდინე ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მას შემდეგ ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა. ამასთან როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ აცრილების ბენეფიტებზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა არ გვაქვს.

მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის ინდუსტრიის ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებში დასახელების დროს დარგის წარმომადგენლებში ინტერესი უფრო დაბალი იყო, დღეს კი მოთხოვნა გაზრდილია. მსურველები არიან, ვაქცინა კი არ არის“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორან „სტეიკჰაუსის“ მფლობელი ამბობს, რომ სრულად აცრილებისთვის შეღავათების შემუშავება იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი მინიმუმ 40%-ს მიაღწევს. შოთა ბურჯანაძე მისი რესტორნის მხრიდან აცრილებისთვის შესაძლო შეღავათებზეც საუბრობს.

„კონკრეტულად ჩემს რესტორანში, ვაქცინირებული ადამიანი ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო თანამშრომელი დამატებით ხელფასს. მომხმარებლების შემთხვევაში ფასდაკლება 10-დან 20%-მდე იქნება, რათა ადამიანებმა იგრძნონ რომ ფასდაკლება აქვთ. თუმცა ამ ეტაპზე ამ შეთავაზების გაკეთება შეიძლება დისკრიმინაციულად ჩაითვალოს, რადგან ეს შესაძლებლობა ძალიან მცირე ნაწილისთვის იქნება“, - აღნიშნა რესტორატორმა.

ცნობისთვის, 28 ივნისის მონაცემებით, ჯამურად 254 737 აცრა ჩატარდა, ხოლო სრულად 94 740 ადამიანია აცრილი.