მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტაბილურმა ლარმა და ეკონომიკის ორნიშნა ზრდამ მაღალი ინფლაცია გადაფარა“ - ლაშა პაპაშვილი

63af4a377ed19
თელარა გელანტია
31.12.22 16:25
1371
კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი BMG-სთან 2022 წელს აჯამებს. ბიზნესმენის შეფასებით, სტაბილურმა ლარმა და ეკონომიკის ორნიშნა ზრდამ მაღალი ინფლაცია გადაფარა.

„ცუდ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 4.5-იან ნიშნულზე რომ ყოფილიყო, რა მდგომარეობაში იქნებოდა ახლა ეკონომიკა. სწორედ სტაბილური ლარის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი კომპანიების ბალანსები მომგებიანია და ზარალზე არ ვართ. მოგეხსენებათ, კორპორაციული დაკრედიტების დიდი წილი უცხოური ვალუტაშია და რომ არა მყარი ლარი, მძიმე ვითარებაში ვიქნებოდით. ამდენად, სტაბილური ლარის ეფექტმა და ეკონომიკის ორნიშნა ზრდამ მაღალი ინფლაცია გადაფარა. ქვეყანაში არ იგრძნობა ინფლაცია. მე ვერ ვგრძნობ, არის?!“, - ამბობს ბიზნესმენი და ირწმუნება, რომ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვისაც ლარის რყევები უფრო მტკივნეულია, ვიდრე - მაღალი ინფლაცია.

რაც შეეხება მოლოდინებს 2023 წელთან დაკავშირებით, ბიზნესმენის თქმით, „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“.

„არ ვეთანხმები მოსაზრებებს და პროგნოზებს, რომ შემდეგ წელს არ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ერთჯერადი ფაქტორები, რამაც დაბუსტა ეკონომიკა, დასრულდება. ვფიქრობ, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ, შეიძლება, 10% კი არა, 20%-საც გადააცილოს. მთავარია, როგორ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

„როგორ უნდა ვიმოქმედოთ?“ - ჰკითხა BMG-მ ლაშა პაპაშვილს.

„გადაწყვეტილებები კარადის თავზე არ უნდა შემოვდოთ. თუ მენეჯერი დღეში 200 გადაწყვეტილებას არ იღებს, წინ ვერ წავალთ. შეიძლება, გადაწყვეტილებების 10-20% შეცდომა იყოს, მაგრამ უნდა იმოქმედოს“, - თქვა ბიზნესმენმა.

ბიზნესისთვის მომავალი წლის მთავარ გამოწვევად ლაშა პაპაშვილი უცხოურ ვალუტაში კორპორაციული სესხების გაძვირებას მიიჩნევს, რაც მისი პროგნოზით, სავარაუდოდ, დაკრედიტების ტემპზე აისახება.