12.ოქტომბერი .2019 13:12

Standard & Poor’s: საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $5000-ს 2022 წელსაც ვერ მიაღწევს

views 1420
უკან

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB მინუსიდან" “BB”-მდე გააუმჯობესა. ორგანიზაციამ საკუთარ გადაწყვეტილებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი რისკები და გამოწვევები არის განხილული.

ამ გადაწყვეტილებით S&P იყო უკანასკნელი სარეიტინგო სააგენტო, რომელიც საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს "BB მინუსის” დონეზე ინარჩუნებდა, ვინაიდან Moody’s-მა ანალოგიური სარეიტინგო დონიდან, “BB”-ის თანრიგის საკრედიტო დონემდე გაზრდის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში მიიღო. Fitch-მა კი, საქართველოს რეიტინგი “BB”-მდე 2019 წლის 22 თებერვალს გაზარდა.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ Standard & Poor’s-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა არის უფრო ნაკლებად რისკიანი, ვიდრე ეს წარსულში იყო.

თუმცა, ამასთან ერთად ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა, როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხები, ასევე საგარეო სექტორიდან მომავალი რისკები.

Standard & Poor’s-ი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სისუსტედ კვლავ დაბალი შემოსავლები რჩება და რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის ეროვნული შემოსავლების ზრდაზეც იქნება დამოკიდებული.

რეგიონთან შედარებით მაღალი საშუალო ზრდის (2015-2018 წლებში საშუალოდ 4%-ის) მიუხედავად, Standard & Poor’s-ი მიუთითებს, რომ 2022 წლის ბოლომდე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ $5,000 აშშ დოლარს მიაღწიოს.

შედარებისთვის, 2019 წლისთვის მშპ ერთ მოსახლეზე $4,300-ს შეადგენს რაც S&P-ის შეფასებით, “გლობალურ ჭრილში კვლავ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.”

რეიტინგის გაუმჯობესებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა. ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს გაუმჯობესება მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და რეგიონალური პროცესების მიმართ შედარებითმა მდგრადობამ გამოიწვია.

“პირველ რიგში, Standard & Poor's-ი აღნიშნავს, რომ მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ. აქაა ნახსენები რამდენიმე რეფორმა. მათ შორისაა განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, კერძოდ დღგ-ის დაბრუნების თემა.

მეორე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც გააუმჯობესა რეიტინგი, ესაა ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ, როგორი ხარისხისაც აქამდე არ ყოფილა,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

რა მანძილი რჩება საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგის მიღებამდე?

ქვეყნის რისკი საკრედიტო რისკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ის მეტწილად განსაზღვრავს კიდეც ქვეყანაში სესხების განაკვეთებს. იმას, თუ როგორია რისკი სხვადასხვა ქვეყანაში, მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Moody’s, Fitch-ი და S&P განსაზღვრავენ.

ამ ორგანიზაციების რეიტინგის სკალა ლათინური ასოებით შემდგარი 20-ზე მეტი პოზიციით არის დაყოფილი. მთლიანი სკალა კი, ორ ძირითად ნაწილად იყოფა, ესენია:

  • საინვესტიციო ხარისხის რეიტინგი, რაც S&P-ის სკალაზე “AAA”-დან “BBB მინუსამდეა”;
  • არასაინვესტიციო ხარისხის ე.წ. Junk ანუ სპეკულატიური ხარისხის რეიტინგი, რაც S&P-ის სკალაზე “BB პლიუსიდან” “D”-მდე (დეფოლტამდე) ვარირებს. 

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სწორედ ამ უკანასკნელ ჯგუფს, ანუ არასაინვესტიციო ხარისხის ჯგუფს მიეკუთვნება. საინვესტიციო ხარისხის საკრედიტო რეიტინგის მისაღწევად კი, ქვეყანას ორი საფეხურით წინსვლა და მინიმუმ “BBB მინუსის” კატეგორიის მიღება ესაჭიროება.

იმის უკეთ დასანახად, თუ სად არის დღეს საქართველო, წარმოგიდგენთ ამ შეფასების სრულ სკალას

  • AAA ავსტრალია, კანადა, დანია, გერმანია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, სინგაპური შვედეთი, შვეიცარია.
  • AA+ ავსტრია, ფინეთი, ჰონგ-კონგი, აშშ.
  • AA ბელგია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
  • AA- ჩეხეთი, ესტონეთი, ისრაელი, კატარი, ტაივანი.
  • A+ ჩილე, ჩინეთი, ირლანდია, სლოვაკეთი, იაპონია, სლოვენია.
  • A ისლანდია, ლატვია, ლიტვა.
  • A- ბოტსვანა, მალაიზია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, მალტა, ესპანეთი.
  • BBB+ მექსიკა, პერუ, ტაილანდი, ტრინიდადი და ტობაგო.
  • BBB ანდორა, ურუგვაი, იტალია, პანამა, ფილიპინები.
  • BBB- ბულგარეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, კოლუმბია, კვიპროსი, ინდოეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, რუმინეთი, რუსეთი.
  • BB+ აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები.
  • BB ომანი, პარაგვაი, სამხრეთ აფრიკა, საქართველო, სერბეთი.
  • BB- ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, დომინიკა, გვატემალა, ჰონდურასი, მაკედონია, უზბეკეთი, ვიეტნამი.
  • B+ ბენინი, ფიჯი, იორდანია, კენია, თურქეთი, კოსტა რიკა, საბერძნეთი, სენეგალი.
  • B იამაიკა, რუანდა, არგენტინა, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა ფასო, კამერუნი, კაპე ვერდე, ეგვიპტე, ეთიოპია, განა, მოლდოვა, ნიგერია, პაპუა ახალი გვინეა, შრი ლანკა, სურინამი, უგანდა.
  • B- ნიკარაგუა, ბელიზი, ეკვადორი, ელ სალვადორი, ერაყი, ლიბანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ზამბია.
  • CCC+ კონგო
  • SD ბარბადოსი, მოზამბიკი, ვენესუელა.
შენიშვნა - სკალის ზოგიერთი ქულა არცერთ ქვეყანას არ აქვს მინიჭებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა