13.მაისი .2020 19:45

“სტანდარტი უნდა არსებობდეს - ფულს ვერ მიიღებს ყველა, ვინც ფინანსთას კარზე დააკაკუნებს”

views 890
უკან

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფო ვერ გასცემს კომპენსაციას ყველა იმ ადამიანზე, რომელიც “ფინანსთა სამინისტროს კარზე დააკაკუნებს”. მინისტრის თქმით, სწორედ იმიტომ შემუშავდა მიერ შესაბამისი კრიტერიუმები, რათა თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა 300 ლარის მოცულობის დახმარება დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შეძლონ. თურნავას განცხადებით, ძალიან დიდია ალბათობა, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ეს კრიზისი მრავალ ადამიანს დაანახებს, რომ უმჯობესია, საკუთარი საქმიანობა, ლეგალურ სივრცეში გადაიყვანონ და რეგისტრირებულ სამუშაო ძალას შეუერთდნენ.

“ალბათობა იმისა, რომ თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს არის ძალიან მაღალი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ რაღაც სტანდარტი უნდა არსებობდეს და არ შეიძლება ადამიანი, რომელიც უბრალოდ დააკაკუნებს ფინანსთა სამინისტროს კარზე და იტყვის, რომ იცით, მე თვითდასაქნებული ვარ და უნდა დამაკმაყოფილოთ საბიუჯეტო თანხით. ანუ თანხებით, რომელსაც მე და თქვენ რომ ვიხდით გადასახადებს იმით ივსება. ანუ ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები, ვინც იხდიან თვიდან თვემდე გადასახადებს იხდის და აქედან რომ ჩვენ ვასაზრდოოთ თვითდასაქმებული ადამიანები, საიდანაც სამწუხაროდ ნაწილი გადასახადებს პირნათლად არ იხდიდა, არც ეს არ იქნებოდა სამართლიანი. სწორედ ამიტომ, გარკვეული, თუნდაც მინიმალური კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. პრაგმატული უნდა იყოს მათთვისაც რეგისტრაცია, აღრიცხვიანობა და ლეგალურ სექტორში სრულად გადმონაცვლება.

ავიღოთ ტაქსისტების მაგალითი. იყო გარკვეული უკმაყოფილება მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ლიცენზირებული გამხდარიყო ეს საქმიანობა. ახლა დღეს, როდესაც ყველას გაუჭირდა, მათ შორის მძღოლებსაც, კითხვა არ დგას თუ ვინ არიან ჩვენი ტაქსის მძღოლები, რადგანაც ისინი არიან აღრიცხული კატეგორია.

იგივე მაგალითს მოვიყვან სასტუმრო ინდუსტრიიდან გიდებზე. გიდები, რომლებიც ჩვენ გვინდა, რომ მოვიცვათ ანტიკრიზისული გეგმით და მათ დავეხმაროთ, თავადვე შემოდიან წინადადებით მათი ასოციაციის მხრიდან, რომ მოდით ერთობლივად აღვრიცხოთ ეს კატეგორია. შემოვიღოთ გარკვეული ხარისხის სტანდარტი. შესაბამისად, ეს არის გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სფეროს ლეგალიზაციის მიმართულებით. ეს არის პარტნიორობა სახელმწიფოსა და თვითდასაქმებულს შორის. დღესაც გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ გარკვეული მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არსებობდეს მათთვის. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადმოინაცვლებს ლეგალურ სექტორში,”- განაცხადა ნათია თურნავამ “ფორბსის კვირის” ეთერში.

საქსტატის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, დასაქმებულად 1,666,500 ადამიანი ითვლებოდა, საიდანაც 833,700 ადამიანი თვითდასაქმებული, ხოლო 832,400 ადამიანი კი დაქირავებით დასაქმებული იყო. შესაბამისად, დასაქმებულთა 50%-ზე მეტი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სწორედ თვითდასაქმებულია. 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ თვითდასაქმებულები, რათა 300 ლარის კომპენსაცია მიიღონ - ფინანსთა სამინისტროს განმარტება:

თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:

• ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;
• ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

1. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება იქნება უფრო გამარტივებული და მათ არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა. შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:

• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.
• მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობებზე, წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.
• პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, თონეებში, სილამაზის სალონებში, ავტო-ტექ მომსახურების ობიექტებში დასაქმებული პირები) და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.
• მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან;
• ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც 2020 წლის 1 აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას. საკომპენსაციო სიაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიებიდან არ შევლენ ის ფიზიკური პირები, რომლებზეც 2020 წლის განმავლობაში ფიქსირდება ხელფასის გაცემა ან/და ეს პირები ფიქსირდებიან დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის სიებში (ვინც დაკარგა ხელფასი).

შესაბამის ინფორმაციას შემოსავლების სამსახური არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა აწვდის სააგენტოს. ამავდროულად, სიაში მყოფი პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე. ამ კატეგორიის პირებისთვის არაუგვიანეს 2020 წლის 15 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა, სადაც კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

• სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
• საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
• საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი); პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის პირადი ნომერი არ არის საკომპენსაციო პირთა სიაში, სააგენტო ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს. განმცხადებელს საშუალება აქვს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრისგან - info@rs.ge, T. 2 299 299. 2. იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

• სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
• საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
• საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
• ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
• 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:

გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);

2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა საკომპენსაციო სიებში. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს? რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

• ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმედ და რომლის შესახებაც ბაზრობის ორგანიზატორს ინფორმაცია არ აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურში (შესაბამისად ეს პირი ვერ მოხვდებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ საკომპენსაციო პირთა სიაში) - აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;
• პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაყავდა მგზავრები და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
• პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაყავდა საჯარო სკოლაში და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
• პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს; - უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი);
• პირი, რომელიც დღიურად აქირავებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა) - უნდა წარადგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი);
• პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს - უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
• პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე - კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება;
• ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ეკონომიკური აქტივობა ან/და ჰქონდა შემოსავალი და შეძლებს ამ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას (მათ შორის საბანკო ამონაწერის მეშვეობით); ზემოაღნიშნული 3 კატეგორიის კომპენსაციიდან/შეღავათიდან პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა