მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 - ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის

61f3c0032e2a5
BM.GE
28.01.22 15:31
520
თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელარორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.

განაცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ, შეირჩევა 10-15 ადგილობრივი სტარტაპი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს პროდუქტის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება, როგორ იფიქრონ პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ისწავლიან ბიზნესმოდელის შედგენასა და ფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების ფარგლებში, ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში და, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდა წარსდგნენ ინვესტორების წინაშე.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეუძლიათ, რომლებსაც ჰყავთ გუნდი და აქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად.

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და ჯამში 12 კვირას გასტანს. ის ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებით, მოწვეული სპიკერებით. მონაწილეების Impact Hub-ის სივრცით ისარგებლებენ. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს დემო დღე, რომელზეც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და საშუალება ექნებათ, მოიპოვონ ინვესტიცია თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 ინვრიდან იწყება და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.

პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისი ორგანიზატორები და გასული წლის პროგრამის მონაწილეებიც საუბრობენ:

“upway ქართული სტრატაპია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყანაში არსებულ სანდო კურსებს. Impact Hub Ttbilisi-ს პრე-აქსელერატორში upway-მ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა – რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის journey-ზე, ტექნიკურ გადაწყვეტებზე და ა.შ.

ყველაზე მეტად პრე-აქსელერატორი დაგვეხმარა მწყობრ მუშაობაში, მოგვცა გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერებულობა, იმისთვის რომ არ დავნებებულიყავით და რეალობად გვექცია ჩვენი იდეა”.

ქეთი ებანოიძე, ორგანიზატორი: „სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროგრამა მიზნად ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებას ისახავს.

ნინო ნანიტაშვილი, მენტორი: „პირველ რიგში, პრე-აქსელერატორი ეხმარება ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, ფოკუსირებულად დაუთმონ დრო საკუთარი გუნდის, ტექნიკური პროდუქტის და ბიზნეს-მოდელის განვითარებას. სიღრმისეული სესიებით და ინდივიდუალური მენტორების მხარდაჭერით, სტარტაპების დამფუძნებლებს უყალიბდებათ ხედვა და სტრატეგია ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის და განვითარების მიმართულებით. პრე-აქსელერატორი ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ პერსპექტიული სტარტაპები და გახდნენ მათი წარმატების მონაწილე. ეს კი, მთლიანობაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.

სოფო კახიძე, თიბისის სტარტაპერი: „ამ პროექტს მხარს ვუჭერთ პროგრამა სტარტაპერით, რომელიც უკვე 5 წელია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური პროგრამებით ბიზნესის დაწყებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. სტარტაპერი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც იზიარებს ამ მიზნებს და ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს საწყის ეტაპზე.

ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ სტარტაპ ეკოსისტემა, სადაც ბევრ, ხარისხიან ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება იდეების ბიზნესად ქცევა და განვითარება, რომ ახალი, ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს.“

წყარო: მარკეტერი 
®