მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპი „მხოლოდ კარგი ღვინოები“ - რას სთავაზობს მეღვინეებს მოძრავი ღვინის ქარხანა?

62a7411c5b147
მარიამ იზორია
18.06.22 15:30
1489
ბაზარზე ახალი სტარტაპი „მხოლოდ კარგი ღვინოები“ გამოჩნდა. ეს არის მანქანა, რომელიც მეღვინეებს, რომლებსაც საკუთარი ქარხანა არ აქვთ ღვინის ჩამოსხმის მომსახურებას სთავაზობს.

როგორც „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებლი ვასილ მანაგაძე bm.ge-სთან ამბობს, მოძრავ ქარხანას საათში 2 700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია. ამასთან ის მარნების ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მოძრავი ქარხანა იტალიაში აიწყო და მისთვის 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„15 წელია, რაც ღვინოსთან შეხება მაქვს. ამ გამოცდილებამ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მეღვინეებისთვის ახალი მომსახურება შემეთავაზებინა. ჩვენი მოძრავი ქარხნით მივდივართ მარნებში და მათ მაღალი ტექნოლოგიური დანადგარებით ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობას ვაძლევთ. ჯერ ერთი თვეა, რაც ბაზარზე ვართ და კახეთში უკვე 7 ჩამოსხმა გვქონდა. ახლა ბოლნისსა და რაჭაშიც ვგეგმავთ.

დაინტერესება ძალიან მაღალია, რადგან, მაგალითად, მცირე მარნებს ასეთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე წვდომა არ აქვთ. ეს მომსახურება მათთვის მისაღებია, რადგან ამით პროდუქტის ღირებულება იზრდება. რაც შეეხება ფასს, მარანს ერთი ბოთლის ჩამოსხმა 20 ევრო უჯდება. ფასში ბოთლი, ეტიკეტი და საცობი შედის. მომსახურებას არც დიდი პერსონალი სჭირდება - ჩვენს ქარხანას ორი ოპერატორი მიყვება, ისინი ჩამოსხმას და ეტიკეტირებას ახდენენ“, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

"მხოლოდ კარგი ღვინოების“ გეგმებში გაფართოება შედის. როგორც სტარტაპერი ამბობს, მოთხოვნის შესაბამისად, ისინი მხოლოდ ერთი მოძრავი ქარხნით არ შემოიფარგლებიან.