მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტერლინგის გაუფასურებისა და კრიტიკის გამო, ბრიტანეთის მთავრობამ ეკონომიკური სტრატეგია შეცვალა

633abb6d517a6
გიორგი თოლორდავა
03.10.22 14:45
672
პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის მთავრობა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე თვეს უმწვავესი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისისა და საერთაშორისო კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, გადასახადების შემცირებისა და სუბსიდიების შესახებ, ინვესტორების, ექსპერტებისა და მოსახლეობის მიერ უაღრესად ნეგატიურად იქნა მიღებული.

ბრიტანული სტერლინგის რეკორდულად გაუფასურებისა და კრიტიკის გამო, მთავრობამ ეკონომიკური სტრატეგიის შეცვლისა და საკანონმდებლო პაკეტიდან ყველაზე სადავო პუნქტის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ფინანსთა მინისტრ კვასი კვარტენგის განცხადებით, მთავრობის წევრებმა საზოგადოების კრიტიკა გაითვალისწინეს და მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის გადასახადის 45%-დან 40%-მდე შემცირებაზე უარი თქვეს.

საგულისხმოა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF), რაც, თავის მხრივ, უჩვეულო მოვლენაა და ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას.

IMF-ის განმარტებით, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, არ არის რეკომენდებული არატარგეტირებული, მასშტაბური ფისკალური პაკეტის დაანონსება, რომელიც, გარდა არაეფექტურობისა, შეიცავს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების რისკებს.

პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის გუნდის მიერ დაანონსებული დახმარების პაკეტი კოვიდპანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისის დასაძლევადაა შექმნილი და ის ბიზნესის ხელშეწყობის გზით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ეკონომიკური პაკეტი ბრიტანეთის მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის გადასახადების შემცირების პროგრამასა და სახელმწიფო სუბსიდიებს მოიცავს, რაც მომდევნო ხუთ წელზე უნდა გადანაწილდეს.