26.აგვისტო .2020 14:53

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირი 80 000 ევროს გამოყოფს

views 418
უკან

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირი 80 000 ევროს გამოყოფს, - როგორც bm.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, თანხა ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.

მათი ცნობით, აღნიშნული დაფინანსება არის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდში (DREF) ევროკავშირის საერთო შენატანის ნაწილი.

„ევროკავშირის ამ დაფინანსების საშუალებით წითელი ჯვარი დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება - როგორც საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებით, ასევე ფულადი მხარდაჭერით. ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, ვისი სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა“, - ნათქვამია ევროკავშირის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, კოკისპირულმა წვიმებმა დააზარალა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი და კახეთი. რამდენიმე სოფელი იზოლირებული რჩება მას შემდეგ, რაც წყალდიდობებმა მდინარის ნაპირების დამცავი ჯებირები, გზები და ხიდები გაანადგურა. წვიმებმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მეურნეობებსა და ხეხილს, რაც დაზარალებული ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. 

სამხრეთ კავკასიას ბუნებრივი კატასტროფები და საშიშროებები ახასიათებს. რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირი მხარს უჭერს კტასტროფების რისკის შემცირებას კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის (DIPECHO) ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო სტიქიური უბედურების საფრთხის ქვეშ მყოფი თემების რეაგირებისთვის მზაობის გაზრდას და მოწყვლადობის შემცირებას.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ხელი მოაწერა 3 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმებას წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან (IFRC) კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) მხარდასაჭერად. კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) თანხები ძირითადად გამოიყოფა „მცირემასშტაბიანი“ კატასტროფების შედეგების დასაძლევად, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო განაცხადების შემოტანას არ საჭიროებს.