22.აპრილი .2022 19:08

Stoli Vodka-სა და რუსეთს შორის დავა - კომპანიას საქართველოში ვაჭრობის უფლება შეზღუდული აქვს

Stoli Vodka-სა და რუსეთს შორის დავა - კომპანიას საქართველოში ვაჭრობის უფლება შეზღუდული აქვს
views 1332
უკან

Stoli Vodka (ყოფილი Stolichnaya) მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლატვიური წარმოების პრემიუმ-კლასის ალკოჰოლური სასმელია. კომპანია Stoli, რომელიც მსოფლიოს 176 ბაზარზეა წარმოდგენილი და 200-მდე სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ქართულ „გაგრა პლუსთან“, ლუქსემბურგში დაფუძნებული გლობალური ჰოლდინგის - SPI Group-ის მფლობელობაშია.

SPI Group-ი რუსეთში დაბადებული ებრაელ-ბრიტანელი ბიზნესმენის იური შეფლერის საკუთრებაშია, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას ჯერ კიდევ 2000 წელს განუდგა და რუსეთის ფედერაციის სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო.

უკვე ოც წელზე მეტია, რაც SPI Group-სა და რუსულ სახელმწიფო კომპანია FKP Soyuzplodoimport-ს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებით. მრავალწლიანი სასამართლო დავა ხუთ კონტინენტს და ათობით სახელმწიფოს მოიცავს, მათ შორის, საქართველოს და მის ადგილობრივ სასამართლოებს.

აღსანიშნავია, რომ SPI Group-ი სასაქონლო ნიშნებს 180-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს, საქართველოში კი სასაქონლო ნიშნები SPI-მ თითქმის 22 წლის წინ დაარეგისტრირა, თუმცა რუსულმა სახელმწიფო კომპანია FKP-მ საქართველოში დავის დაწყება 20 წლის შემდეგ გადაწყვიტა.

FKP Soyuzplodoimport-ის სარჩელის საფუძველზე 2021 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რუსული სახელმწიფო კომპანიის სარჩელი და საქართველოში SPI Group-ის ინტელექტუალური საკუთრება ანუ სავაჭრო ნიშნები გაუქმდა. საქმის პროცესმა კი უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.

Forbes Georgia-სთან ინტერვიუში Stoli Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დემიან მაკკინმა განაცხადა, რომ დავა ამ დრომდე გრძელდება, Stoli Vodka-ს კი საქართველოში ვაჭრობის უფლება შეზღუდული აქვს.

„იმედგაცრუებული ვარ. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება, რომ ბრენდი Stoli, რომელიც 1997 წელს ლეგიტიმურად შეიქმნა და სავაჭრო ნიშნებიც ღია წესით PwC-ის საშუალებით ბაზარზე შეიძინა, საქართველოში სამართლებრივ წინააღმდეგობებს ხვდებოდეს და მას ვაჭრობის უფლება შეზღუდული ჰქონდეს.

ამჟამად ჩვენ სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ვართ. ზემდგომ სასამართლოში საქმე მოვიგეთ, თუმცა ქვედა სასამართლოში ისევ გვაყოვნებენ, საქმის დეტალების განხილვის უფლება კი არ მაქვს“, - განაცხადა დემიან მაკკინმა.

რუსეთის სახელმწიფო კომპანიის პრეტენზია საქართველოში არა ისტორიული საკუთრების არგუმენტს, არამედ ქართველი მომხმარებლის უფლებების „დაცვის სურვილს” ეფუძნება. Soyuzplodoimport-ი ამტკიცებს, რომ ქართველი მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი და „სტოლიჩანაია“ არა ლატვიური, არამედ რუსული არყის დასახელებაა.

ზოგადად, იმ იურისდიქციებში, სადაც დავები მიმდინარეობს, რუსეთის ფედერაცია სასამართლოების საშუალებით ცდილობს დაესაკუთროს საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშნებს, მათ შორის „სტოლიჩნაიას“. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია - სადავო სასაქონლო ნიშნების პირველი რეგისტრაცია საქართველოში SPI-ის მიერ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა