მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტრუქტურული პრობლემები, მცირე დანაზოგები, სიღარიბე, ინვესტიციები“ - ეკონომიკის გამოწვევები

607a933fb8fa2
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.21 13:15
712
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, დღეს ქვეყნების ეკონომიკის გამოწვევები, გარდა პანდემიური მდგომარეობისა, სტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება. ამ თემაზე მან BMG Drive-ში სტუმრობისას ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ყველა არსებულ გამოწვევასთან ერთად ინვესტიციის შემოდინებისთვის საჭირო გარემოს შექმნა პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია.

„ქვეყნის ეკონომიკისთვის პანდემია დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევაა. გამოწვევაა ასევე ის სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკაში მუდმივად იყო. ჩვენთან დანაზოგები მცირეა, სიღარიბის დონე ძალიან მაღალია, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენი ეკონომიკისთვის ინვესტიციების დაბალი შემოდინებაა. შიდა კაპიტალიც დიდი არ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის აქ იყოს კარგი პირობები შემოსასვლელად, ფულის დასაბანდებლად, რადგან ინვესტიციას ქვეყანაში არა მხოლოდ უცხოური კაპიტალი შემოაქვს, არამედ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ადგილობრივებს აძლევს იმ ტიპის გამოცდილებას, რაც მათ შემდგომი დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ახალი ინვესტიცია ახალი ტექნოლოგიებია, შემოტანილი განათლება და რესურსია“, - განმარტა კეპულაძემ.

კითხვაზე - არის თუ არა ინფლაცია ქვეყნისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავჯდომარე ცალსახად პასუხობს, რომ არის და დასძენს, რომ ქვეყანაში ინფლაცია ვალუტის კურსზეა დამოკიდებული.

„ინფლაცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც დიდადაა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსზე. ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ძალიან ბევრ პროდუქტს - სურსათის დიდ ნაწილს, საწვავს ვყიდულობთ უცხოურ ვალუტაში და ის, თუ როგორი იქნება ლარის კურსი, ამაზეა დამოკიდებული ინფლაცია. უცხოური ვალუტის კურსზე კი მოქმედებს სავალუტო შემოდინებები. ცუდია, როდესაც ეკონომიკა ერთ დარგზეა დამოკიდებული - ამ შემთხვევაში ტურიზმზე, ეს კრიზისის დროს საფრთხეს აჩენს, იმავე 2008-2009 წლებში კრიზისმა ტურისტულ ქვეყნებს ძალიან დაარტყა, ხოლო პანდემიამ ასეთი ქვეყნები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რადგან მიმოსვლა ქვეყნებს შორის ამ დროს შეწყდა. ახლა ტურიზმის კუთხით, თუ ვნახავთ, რა გამოსავალი მოძებნეს პატარა ქვეყნებმა - ეს არის ვაქცინაცია, იმისთვის, რომ ტურიზმისთვის უსაფრთხო გარემო შექმნან“, - თქვა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ.