მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდქალაქში დაახლოებით 1500 ადამიანი ცხოვრობს და მათი 20% სტუდენტია - შსს

641ada4a7c1af
ინგა მურუსიძე
22.03.23 14:45
1280
სტუდქალაქში დაახლოებით 1500 ადამიანი ცხოვრობს და მათი 20% სტუდენტია, - ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სტუდენტურ საცხოვრებელში განხორციელებულ მონიტორინგს ეხება.

„მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას.

სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ.

სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

საერთო ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი.

გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.