20.სექტემბერი .2020 17:27

სუბსიდირების პროგრამა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - დიმიტრი ქუმსიშვილის იდეა

views 582
უკან

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

„ვისაუბრებ იმაზე, რასაც მე პირადად გავაკეთებდი - ამოვწევდი ყველა იმ საკანონმდებლო დოკუმენტს, რომელიც გარკვეული ბარიერია საფონდო ბირჟის განვითარებისთვის და განვაახლებდი; შევეცდებოდი, რაც შეიძლება სწრაფად გადამეჭერა ეს პრობლემა, რადგან რეალურად არის ბევრი კარგი კომპანია, რომელსაც დღეს სჭირდება როგორც ადამიანური რესურსით დახმარება, ასევე, თანხების მოზიდვა”, - აცხადებს ქუმსიშვილი bm.ge-ისთან ინტერვიუში.

მისი თქმით, პოლიტიკიდან საჯარო სექტორში დაბრუნების შემდეგ უკეთ დაინახა ის დაბრკოლებები, რაც ამ კუთხით ქვეყანაშია და თავად რომ დღეს მთავრობაში იყოს, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გარკვეულ გარკვეულ სახელმწიფო პროგრამას წარმოადგენდა.

“იმისთვის, რომ თქვენ ხარისხიანი ემისიის პროსპექტი (ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება) გააკეთოთ ბაზარზე, გაქვთ ორი არჩევანი - არის ორი საინვესტიციო ბანკი, რომელიც ქვეყანაში ამ სერვისს ეწევა, თუმცა აღნიშნული სერვისი ძალიან ძვირია. ანუ ნომინალში ბევრი ფულია გადასახდელი იმისთვის, რომ ხარისხიანი ემისიის პროსპექტი შექმნათ და თუ თქვენ დიდ ემისიას არ აკეთებთ, მაშინ თანაფარდობა გადასახდელ მომსახურების ხარჯსა და ემისიიდან მიღებულ თანხას შორის იმდენად არაპროპორციული გამოდის, რომ არ გიღირთ ამ სერვისით სარგებლობა. არადა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაზარზე ასეულობით კომპანიაა, ვისაც სჭირდება 500,000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე თანხა კაპიტალში. 5 მილიონზე შეიძლება ამ კომპანიებს ელაპარაკო, მაგრამ 3 მილიონზე უკვე ძალიან ძნელია. ფაქტობრივად, გამოსავალი არაა დღეს ბაზარზე. არ ვიცი, როგორ შეიძლება კომპანიამ, რომელიც არის ჯანსღი, რომელიც ფეხზე კარგად დგას, აქვს კარგი ბიზნეს-გეგმა, მაგრამ არ უნდა თავი დაიტვირთოს საბანკო ვალდებულებით და უნდა მოიძიოს პარტნიორი, როგორ მოახერხოს ეს ნაწილი.

ვფიქრობ, აქაც სახელმწიფო პროგრამაა გასაკეთებელი. არ ვიცი, ეს იქნება „აწარმოე საქართველოში“ თუ სხვა პროგრამის ფარგლებში, მაგრამ მე პირადად დიდი სიამოვნებით დავასუბსიდირებდი ემისიის პროსპექტების დაწერას და შევქმნიდი ამ მიმართულებით დიდ მხარდაჭერას, რომ კომპანიებს შეეძლოთ ემისიის პროსპექტის გაკეთება და შემდგომში ბაზარზე თავიანთი პროდუქტების გატანა.

გვესმის, რომ ჩვენი ბაზარი არის ძალიან პატარა, თუმცა ასევე ძალიან კარგად ვიცით, რა თანხებია ბანკებში დეპოზიტებზე როგორც ფიზიკური პირების, ისე - კორპორატიული კლიენტების. თუ ერთი მხრივ, პატარა კომპანიებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავიანთი კაპიტალი გამოიტანონ და უკვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ აქციები და შევიდნენ კაპიტალში, ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯი იქნება, რომელიც შეიძლება, სახელმწიფომ გადადგას”, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

Bm.ge-ის რეპლიკას - ხომ არ სჯობს სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე იზრუნოს, რადგან „ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების რიცხვით ისედაც გამოირჩევა, ყოფილი მინისტრი ასე პასუხობს:

„ეს როგორც მაგალითი ისე მოგიყვანეთ. მე ბუნებით მემარჯვენე ვარ, მაგრამ ამავე დროს მყარად მწამს, რომ კერძო სექტორს აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა და პროგრამები რომელიც გვაქვს, არ არის განსაკუთრებული პროგრამები, რომელსაც არათუ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ მოძებნით“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა